„დედა, ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან ყოფნა მინდა-თქო“ - ლაშა გურგენიძე ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებზე

გურგენიძე

მსახიობმა ლაშა გურგენიძემ ბავშვობა გაიხსენა და ისაუბრა იმ რთულ დღეებზე, რომლის გატარებაც 6 წლის ასაკში წყნეთის ბავშვთა სახლში მოუხდა.

„მძიმე პერიოდი იყო, კუპონები, 90-იანი წლები... დედაჩემი ექიმი იყო, ფსიქოლოგი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კადრების გამგე. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, უმუშევარი დარჩა და შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში. 6 წლის ვიყავი, დამისვა და ძალიან გულწრფელად მითხრა: „იცი, რომ ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა წაგიყვანოო.“ მაშინ ამ სახლს ამერიკელები აფინანსებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე დედას, რომელიც ჩემთვის დღემდე ღმერთია. სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. დავთანხმდი, დაახლოებით თვე-ნახევარი გაგრძელდა ეს ყველაფერი... იქ ძალიან ცუდად ვიყავი, დედა სულ მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა, მელაპარაკებოდა, სულ მნახულობდა, ვურეკავდი კიდეც და ვეუბნებოდი, რომ მალე წავეყვანე. მახსოვს, ერთხელ დარაჯის ოთახში ტელეფონი იყო, ჩუმად გავიპარე და იქიდან დავურეკე. საღამო იყო... დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-თქო. ვუთხარი, რომ 42 მქონდა სიცხე. მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ვტიროდი და ვთხოვდი, რომ ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან ყოფნა მინდა-თქო. მეორე დღეს, დილასვე ამოვიდა. რაღაცნაირად სამსახური ნახა, რა თქმა უნდა, წამიყვანა. მუშაობდა, მერე მთელი ღამე კერავდა, სულ რაღაც დამატებითს იგონებდა, რომ შემოსავალი გვქონოდა. მარტო მე და დედა ვიყავით, მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა. დღეს, როცა უკვე გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ამ მოვლენას, ერთი წამით არ ვამტყუნებ და ასე უნდა მოქცეულიყო. ყველა შვილისთვის დედა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. საკუთარი თავი გაწირა, რომ მე კარგად ვყოფილიყავი. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დღეს იქიდან ყველაზე მეტად მეხმარება და მაძლიერებს. ამას სულ ვგრძნობ. 20 წლის ვიყავი, დედა როცა გარდაიცვალა“, - ჰყვება გურგენიძე „სიცრუის დეტექტორში“.