დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილი საიდუმლოდ დაკრძალეს

ნოდარ ათუაშვილი

49 წლის ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი პროზექტურაში აღარ ასვენია. 

20 იანვარს მეზობლებზე თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს დაკრძალვის ადგილი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა, საგარეჯოელებს აქვთ დაუდასტურებელი ინფორმაცია, ათუაშვილის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გადასვენების შესახებ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი სოფელში არ გადაუსვენებიათ.

„აქ ცხოვრობს ნახევარძმა, გარდაცვლილის სახლი გაყიდულია, კარგა ხანია. ძმამ უარი თქვა გადმოსვენებაზე. მოარული ხმებია, რომ გამოუჩნდნენ ნათესავები, რომლებმაც დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს. დღესაც, სოფელში ერთმანეთს ვესაუბრებოდით, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ ცხედრის დაკრძალვა ხომ უნდა მომხდარიყო, ხომ არ შეიძლება ადამიანი არ დაასაფლაო“, - ამბობს მანავის ერთ-ერთი მცხოვრები.

ყოფილი სამხედროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადასვენებას მეზობლები ეწინააღმდეგებოდნენ.
ქართული საპროცესო კანონმდებლობა კი, იდენტიფიცირებული პირების დაკრძალვის წესს არ ითვალისწინებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას, მხოლოდ უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ვალდებულება აქვს.

ცნობისთვის, საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები უკვე დაკრძალეს.