1728420497
„ნახევარძმამ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე, დედაც კი ამბობს, სადაც გინდათ, იქ დაკრძალეთო...“ - უცნობია, სად მიასვენებენ ყოფილ სამხედროს
„სახელმწიფომ მიხედოს და დამარხოს, დედასაც კი უთქვამს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო"- საგარეჯოში სისხლიანი ღამის მომწყობი სამხედროს დაკრძალვის ადგილი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 49 წლის ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი, სახელმწიფომ უნდა დაკრძალოს.
„როგრც ვიცით, მორგში ასვენია. ამ კორპუსში მისი გადმოსვენება რანაირად წარმოგიდგენიათ? ოჯახს სურვილიც არ გამოუთქვამს. ხალხი ლაპარაკობს, დედაც კი ამბობს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო, ნახევარძმამ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო მიხედავს ალბათ. ჩვენ ახლა ეს ბიჭები უნდა გავასვენოთ ღირსეულად, სამოქალაქო პანაშვიდი მოვაწყოთ და დაჭრილებზე ვიზრუნოთ. საავადმყოფოში, გიორგიმ თვალი გაახილა და იქ ცალკე ვგულშემატკივრობთ. ბევრი დარდი გვაქვს და სულ არ გვაინტერესებს, იმ კაცს სად დაკრძალავენ",- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი საგარეჯოელი.
ჯერჯერობით უცნობია, ყოფილი სამხედროს ცხედრის დაკრძალვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები, ან რა ფორმით ჩაერთვება საქმეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.
შეგახსენებთ, 19 იანვრის ღამეს, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა.
შემთხვევის ადგილზე, სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზაციის შემდეგ, თავდამსხმელმა, თავი მოიკლა.
ერთ-ერთ ვერსიით, ათუაშვილს, ხუთიდან ერთ გარდაცვლილთან, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, კონფლიქტი ჰქონდა.