1746733863
„დამეხმარე დედა, აღარ შემიძლია, ფეხები მტკივა“ - ქუჩის მუსიკოსი მამა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებს

„პრაიმ თაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი მამა, რომელსაც 2 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ბავშვებს ქუჩაში ქუდით აყენებს, რათა გამვლელებისგან ხურდები შეაგროვონ.
12 და 14 წლის ბიჭების დედა გვიყვება, რომ რამდენიმე თხოვნისა და აკრძალვის მიუხედავად, ეს ყველაფერი უკვე 1 წელია, გრძელდება. ფაქტზე არც ბავშვების ბებია-ბაბუას აქვს რამე გართულება.
„მეუღლეს რაც გავშორდი, მას შემდეგ არეული სიტუაციაა. ხან პოლიცია გამოიძახა, ხან შემაკავებელი გამომიწერეს, რომელიც მერე გაუქმდა. სასამართლოშიც მიჩივლა, რომ ბავშვები წაერთმია, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიაღწია, წააგო. ბავშვები საშინელ დღეში ჩაცვივდნენ, ფსიქოლოგიური დახმარებაც დასჭირდათ.
ბოლო დროს ამ ყველაფრით მანიპულირებს. ეს ახალი ილეთი მოიფიქრა. იმ დღეს ჩემმა ახლობელმა დამირეკა და მითხრა, შენი შვილი ქუდით ხელში დავინახე და ხურდებს უყრიდნენო. ისიც და მეც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით.
ჩემს ყოფილ მეუღლეს ხან ჩემი შვილები ჰყავდა დაყენებული, ხან თავისი მეორე ცოლის შვილები. ყურადღებას იქცევენ, რადგან არასრულწლოვანები არიან. ქუჩაში გამვლელმა უცნობმა სოციალურმა აგენტმა გააფრთხილა, თუმცა, ისიც დააიგნორა. პოლიციისაც არ ეშინია, 2 სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, მაგრამ დუმილია. პირადად ვეუბნები, არ ესმის, პოლიცია არ ერევა, სხვა ძალა აღარ მაქვს.
როგორც გაირკვა, უმცროსი დაშინებით დაჰყავდა, მერე მთხოვა, - დამეხმარე დედა, აღარ შემიძლია, ფეხები მტკივაო. მთელი დღე იქ ჰყავს ბავშვები, არაა ეს 1 და 2 საათი. ეს როცა მითხრა, ძალიან მკაცრად დავრეკე და ვთქვი, რომ ბავშვს არ უნდა-მეთქი. ისეთი შეშინებული იყო, შემდეგ რომ ჰკითხეს, უკან წაიღო თავისი სიტყვები. მის წინაშე ბავშვმა ეს ვეღარ გაიმეორა.
უფროსზეც არის იგივე ზეწოლა, ჩუმია და ცდილობს ხოლმე, რომ არ გაამწვავოს და ითმენს. მისი მეუღლის შვილები გოგონები არიან, ერთხელ ისინიც დავინახე ქუჩაში რომ ეყენა, თუმცა ვერ ჩავერიე.
ჩემს შვილებს ეს არაფრად სჭირდებათ. ვმუშაობ, საქართველოში არსებულ პირობებთან შედარებით, კარგი შემოსავალი მაქვს. დახმარებასაც ვიღებ, მიზერულს, მაგრამ რაღაც მაინც არის.
თავად არის უმუშევარი და იქ რომ მარტო დგას და ურკავს, არავინ უყრის ფულს. ბავშვები რომ არიან, მათი ხათრით, უყრიან. იმედი მაქვს, შესაბამის სამსახურებს ამაზე რეაგირება ექნებათ“, - ამბობს ბავშვების დედა.