1727955308
დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა - პაპუაშვილი საგარეჯოს ტრაგედიაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.