საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
დღეს სილამაზის ეტალონად და ლეგენდად აღიარებული ტელემსახიობის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების დღეა. 5 წლის წინ, 2017 წლის 11 ოქტომბერს სამწუხარო ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა - ლიკა 57 წლის იყო... ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა მსახიობის უკანასკნელი ფოტოგადაღება გაიხსენა.
„როდესაც ეკამ მითხრა, რომ ლიკა ქავჟარაძე უნდა გადამეღო შიშმა ამიტანა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. როგორც იტალიელებს ჰყავთ მონიკა, ფრანგებს – კატრინ დენევი და გერმანელებს რომი შნაიდერი, ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის – შეუდარებელი ეტალონი იყო, არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.
როცა მოვიდა მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა. მე კი მინდოდა თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო როგორ უყვარს მთელ ქვეყანას, ეგრძნო რომ ვარდია ხელუხლებელი, ეგრძნო რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია.
მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის. ეს მისდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა ჩუმად. ყველამ იცის, როგორი ვარ გადასაღებ მოედანზე, ერთხელ ვინც დასწრებია ჩემ გადაღებებს, იცის, რა მკაცრიც ვარ, როგორ ამყავს კონტროლზე მოდელები, როგორ მეცვლება ხმის ტემბრი და ვხდები ცივი და საშიში. მაგრამ აქ, ვერ გავბედე, დავპატარავდი, ხმა გამიქრა და ჩუმად ვიღებდი.
ჩემს წინაშე ქალღმერთი იდგა, ეს ლიკა იყო ქავჟარაძე – აი ის გოგო, ვირზე რომ შემოსვა საზოგადოებამ, ტალახს რომ ასხამდა წვიმაში და მაინც უღმერთოდ ლამაზი რომ იყო. ეს ის ლიკა იყო, გვირილებში რომ დარბოდა კახი კავსაძესთან ერთად, პეპლების საჭერით, დაუვიწყარი ღიმილით რომ იღიმოდა ეკრანებიდან, ეს ის ლიკაა მდინარეში კაბით და ნაწნავით რომ დგას და აუტანლად ლამაზი სხეულით რომ ცეკვავს, ეს ის ლიკაა - მარიტა! მეუბნებოდა ჩემი ტვინი, როცა კამერაში მასზე ფოკუსს ვასწორებდი.
ლიკამ ალბათ იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, ნელ-ნელა ხასიათზე მოვიდა, სიცილი დაიწყო, მიყურებდა და იპრანჭებოდა, აკეკლუცდა, გაიხსნა! ერთ-ერთი კაბის ჩაცმისას მოულოდნელად შემოტრიალდა და მითხრა:
– მარი, მადლობა. იცი, მივხვდი, რომ ძალიან მომნატრებია გადაღება. მომინდა რომ ვინმე რეჟისორმა კინოში გადამიღოს. არ იღებენ ახლა ფილმებს? მკითხა და გადაიხარხარა. არასდროს დამავიწყდება ეს სიცილი.
ჩემს წინ მზე იდგა და ფართო სპექტრის სინათლეს ასხივებდა. მე და ეკამ ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით რომ ლიკას არავინ ეძახდა კინო გადაღებებზე, მივხვდით რაც იყო მისი სევდიანობის მიზეზი, ჩუმად ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად ჩვენ გვრცხვენოდა… სამწუხაროდ, ეს ლიკას ცხოვრებაში მისი უკანასკნელი გადაღება იყო“, – დაწერა მარი ნაკანმა.