დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ტარიელ ხარხელაურის ახალი კრებულის პრეზენტაცია 6 ნოემბერს სეუში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშია დაგეგმილი. "სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა" ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც წლების ნაგროვები რითმებია.
პოეტი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის გულისნადებს და ამჟამინდელ განწყობას უმხელს.
ტარიელ ხარხელაური: ხანდახან ამ ხილულ სამყაროში ისეთ რამეს ხედავ, შეიძლება არც უნდა ხედავდე. მაგალითად, დამთრგუნველ ფაქტებს. აი, ისეთი, რაშიც ეჭვი გეპარებოდა, რომ არ დაგენახა, ამის დაჯერებას რომ ვერ შეძლებდი.
ის 13 წლის გოგონა რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა, ძალიან მძაფრად განვიცადე. ჩემთვის ამგვარი ფაქტები საშინლად მტკივნეულია. კიდევ კარგი, რომ ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ. ამდენი ტრაგედიის და ნეგატივის მისაღებად, აღარც ასაკი მიწყობს ხელს, აღარც რესურსი მაქვს შერჩენილი. ვეღარ ამუშავებს ჩემი გული და გონება ამხელა ტრაგიკულ ინფორმაციას. პლუს ამას, არც გარემოა დამაიმედებელი.
ჩემი შვილიშვილების ტოლი ბავშვები რომ გადიან ამ წუთისოფლიდან, ძალიან მიჭირს, განვიცდი. გულს უკვე მეტი აღარ შეუძლია...
ხანგრძლივად ვიარე ამ წუთისოფელში, ბევრი ვნახე, ბევრი გადავიტანე, სხვადასხვა პოლიტიკურ დროში მომიწია ცხოვრება. არც ერთგან იყო დამამშვიდებელი გარემო. სიმშვიდე ვერ ვპოვე.
წუთისოფელი ბედნიერებისთვის არც არის განკუთვნილი. შენ უნდა შეიქმნა, შენ კიდევ, გიჭირს... წუთისოფელი ბედნიერების გასაცემად ძალიან ძუნწია. ჩვენ ყოველდღიურობაში უნდა ვპოვოთ პატარ-პატარა ბედნიერებები. ერთმანეთის ნახვა, ღიმილის დანახვა არ არის ბედნიერება?
ბედნიერება ის კი არ არის, რომ შენ იყო ეკონომიურად უზრუნველყოფილი, არამედ სხვაც რომ კარგად ცხოვრობს, სხვასაც რომ უხარია, სხვაც რომ უზრუნველია და ეს გახარებს, ესაა ბედნიერების განცდა. მე მაბედნიერებს იმის განცდა, სხვა რომ ჩემზე ნიჭიერი მოდის, ჩემზე უკეთესად რომ წერს და ფიქრობს.
ადამიანმა დაკარგა ღირსება. ჩვენი თავიდან გავედით და პოლიტიკური დაჯგუფებების სათამაშო ბურთები გავხდით. ამ ჯგუფებმა ჩვენ, საზოგადოება დაგვინაწილეს.
როდესაც ადამიანები ერთი ფიქრით ერთიანდებიან, ერთობა აქვთ, პოლიტიკური დაჯგუფებები საჭირო აღარ არის. სანამ საზოგადოება სახელმწიფოებრივად არ იაზროვნებს, პასუხისმგებლობას არ აიღებს თავის ქვეყანაზე, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ცდა.
ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ აუცილებლად სხვამ უნდა დაგვანახოს გვირაბის ბოლოს რომ სინათლეა. ეს იცით, რას ნიშნავს? შენ რომ თოვლში ზიხარ და სადღაც, შორს კოცონი ანთია. ის ხომ ვერ გაგათბობს. სხვისი მომლოდინე, რომ ის შენი შვილებისთვის უკეთეს მომავალს შეგიქმნის, არ უნდა იყო.
უცნაურ დროში მომიწია წუთისოფლის გალევა და მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ოპტიმისტი ვარ, ხანდახან მაინც გამკრავს ხოლმე პესიმიზმი - შევძლებთ ამას? ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, ხმა ერთმანეთისთვის ვერ მიგვიწვდენია. საუბარი გვიჭირს. რთული დროება დგას. გონს უნდა მოვეგოთ...