1735573975
ბუსტერ დოზა 70%-მდე ეფექტურობას ავლენს, 2 დოზით ვაქცინირებულებში კი ეფექტურობა ძალიან დავარდა - მაია ბუწაშვილი
გართულებული ეპიდვითარების ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭომ სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელა. ახალი გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლა.
ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა, თუმცა ლაბორატორიებთან, სადაც კოვიდ ტესტები კეთდება, გრძელი რიგებია.
„გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და მოიმატა ტესტირებით მოსული პაციენტების რიცხვმა. ჯერჯერობით ვუმკლავდებით, ამის რესურსი გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი მასშტაბით გაიზარდა რიცხვი, რესურსი ნამდვილად ამოიწურება“, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი, ადამიანთა იმ ჯგუფებს ასახელებს, რომლებიც პანდემიის პირობებში დღესდღეობით ყველაზე დაცულები არიან:
„ბუსტერ დოზა, 70%-მდე ეფექტურობას ავლენს, მაშინ, როდესაც 2 დოზით ვაქცინირებულებში ძალიან დავარდა ეფექტურობა - დაახლოებით 20%-მდე. მაღალი აქვთ ხელახლა ინფიცირების რისკი მათ, ვისაც გადატანილი აქვთ ვირუსი. ყველაზე კარგად დაცულებად დღეისათვის ითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი და თან ვაქცინირებულები არიან და ისინი, ვისაც ორჯერადი ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული“, - აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
ცნობისთვის, თბილისში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან 60%, რეგიონებში კი - 30% „ომიკრონია“.