ბუენოს-აირესის ცნობილ გალერეაში, ქართველი მხატვრის, გოჩა გაიოსის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

 გოჩა გაიოსი

2022 წლის 30 ივნისს, საქართველოსა და არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, ბუენოს-აირესის ცნობილ გალერეაში "Hoy en el Arte", ქართველი მხატვრის, გოჩა გაიოსის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ჩრდილები“ გაიხსნა.

გამოფენის გახსნაზე, რომელსაც არგენტინის ხელოვნებისა და აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კულტურისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, სოფია ვეკუამ. ხაზი გაუსვა რა საქართველოსა და არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის საიუბილეო თარიღს, მადლობა გადაუხადა გოჩა გაიოსს არგენტინაში საქართველოს პოპულარიზაციასა და ორ ქვეყანას შორის ხელოვნების სფეროში კავშირების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ქაოსის გარღვევა“ ასე უწოდა გამოფენას მისმა კურატორმა, ცნობილმა ხელოვნების კრიტიკოსმა, არგენტინის სახვითი ხელოვნების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, ელენა ოლივერამ, რომელმაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სამეცნირო-ფილოსოფიურ კონტექსტში მიმოიხილა. ელენა ოლივეირას მიერ გამოფენისთვის მიძღვნილი ვრცელი კრიტიკა, ხელმისაწვდომია ესპანურ ენაზე.

„საკუთარ სტილთან ერთად, გოჩა არტ ბრუტის, სურელიზმის, ნეოექსპრესიონიზმის ელემენტების გამოყენებით ასინთეზებს სხვადასხვა ექსპრესიულ მოდალობებს, რომელთაც თითქოს ბაროკოს ლინზაში აქცევს, რაც საბოლოოდ „ნახვის სიგიჟეს“ იწვევს - აღნიშნავს ელენა თავის კრიტიკულ მიმოხილვაში.

„გოჩას ნამუშევრები მოიცავს კვლევის ფართო თვალსაწიერს, რომელიც მის მიერ შერჩეულ მრავალმხრივ სახვით ხერხებში იკვეთება. მისი ნამუშევრები სპონტანური გადაწყვეტილებებითა და ექსპერიმენტებით გამორჩეული მუდმივი ძიების შედეგია“ - წერს როდრიგო ალონსო, ცნობილი არგენტინელი ხელოვნებათმცოდნე.

„ავტომატიზმისა და არაფორმალიზმის ნაზავით, გოჩას ნამუშევრები განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობასა და ენერგიას გადმოსცემს“ - წერს ფერმწერი ალისია დიას რინალდი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ, რომლის დროსაც საელჩოს მრჩეველმა ქართული ღვინის საუკონოვან კულტურასა და ღვინის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიაზე ისაუბრა.

დამთვალიერებლებს გამოფენის ნახვა გალერეაში "Hoy en el Arte" 2022 წლის ივლისის ბოლომდე შეეძლებათ.