„ბრძოლა გრძელდება... თბილისი პრაიდის კვირეული ბრუნდება! - Tbilisi Pride

პრაიდი

თბილისი პრაიდის კვირეული ბრუნდება!, - ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს კვირეული კიდევ უფრო მეტ ლგბტქ ადამიანსა და მხარდამჭერს გააერთიანებს. “ბრძოლა გრძელდება“.

„გრძელდება ბრძოლა თავისუფლებამდე, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ხილვადობისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, წართმეული ხმის დასაბრუნებლად, ბრძოლა ჰომოფობიასთან, სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან, ძალაუფლების უთანასწორო ღერძებთან, ბრძოლა ჩაგვრის, დისკრიმინაციის, გარიყვის წინააღმდეგ.

ეს ბრძოლა ჩვენია და უკან დახევას არ ვაპირებთ. ეს ქვეყანა ჩვენია და არ გვინდა ქვეყნიდან გაქცევა გვიწევდეს.

2021 წლის 5 ივლისის უმძიმესმა გამოცდილებამ სრულად გააშიშვლა უმოქმედო, მოძალადე, თანაგრძნობისგან დაცლილი სისტემა, რომელიც უარს ამბობს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და საჯარო სივრციდან რიყავს ლგბტქ ადამიანებს. ჩვენ კვლავ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ახალისებს ქუჩებში მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს, არ სჯის ძალადობის მთავარ შემოქმედებს და არ აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას.

წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წინააღმდეგია, თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ საგრძნობლად იზრდება. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი!

2022 წელი იქნება იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასების და სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი. ამავდროულად, კვირეული იქნება ხმამაღალი, პოლიტიკური, ემოციური, მრავალფეროვანი და თავს მოუყრის ყველას, ვისაც თანასწორობის სწამს!

შემოგვიერთდი 28 ივნისიდან 2 ივლისამდე და გახდი თბილისი პრაიდის კვირეულის ნაწილი.

კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:

ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება. კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.

რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.

გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.