„ეს ისტორია ჩემთვის სულისშემძვრელი აღმოჩნდა“ - რას წერს კონსტანტინე ზარნაძე

ზარნაძე

საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სულისშემძვრელი ისტორია მოისმინა. 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩემთან ყოველ შეხვედრაზე ათეულობით ადამიანი მოდის და საკუთარ გასაჭირს მიზიარებს, ერთ-ერთი მათგანის ისტორია ჩემთვის ძალიან რთულად გასაგები, დამაფიქრებელი და სულის შემძვრელი აღმოჩნდა:

ახალგაზრდა ქალი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც მან იმშობიარა - სამყაროს უცოდველი პატარა მოუვლინა, მაგრამ მამამისმა ცოდვად ჩათვალა ამ პატარას სქესი - მდედრობითი.

შემაძრწუნა ფაქტმა, რომ ამ საუკუნეში კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შვილზე თქვან უარი. უკაცრავად, მომიტევეთ, ამ არსებას არც ადამიანი და არც კაცი არ უნდა ეწოდოს. იგი უნდა იყოს დაიგმოს საზოგადოების მხრიდან.

ამ არაკაცმა ცოლ-შვილი მარტო დატოვა გაუსაძლის მდგომარეობაში. ახალგაზრდა ქალი მშობლებმა აღარ მიიღეს და რვა თვის შვილით ღია ცის ქვეშ - თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ჩვენი ძალისხმევით, მოქალაქესთან სოც.მუშაკი და ფსიქოლოგი ყოველდღიურად იმუშავებს. გარდა ამისა, შესაბამისი სამსახური უმოკლეს დროში თავშესაფრით დააკმაყოფილებს. მაგრამ, ეს გამოსავალი არაა. გამოსავალი თითოეული ასეთი ადამიანის ქმედების დაგმობაა და განწყობების შეცვლა, შეცვლა იმ არასწორი წარმოდგენების, რაც სამწუხაროდ, ქვეყანაში ისევ არსებობს.“,- წერს კონსტანტინე ზარნაძე.