1792926416
ბორჯომში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საკონცერტო დარბაზში, პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ფარგლებში, პიანისტმა გიგი პიანომენმა კონცერტი გამართა.
მუსიკოსმა მსმენელს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები წარუდგინა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.
პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტი თამარ ლიჩელი. პროექტი 2024 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.
საკონცერტო სერიის დასკვნითი გალა-კონცერტი 12 ნოემბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომში ამ დღეებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და პიანისტთა XIV საერთაშორისო კონკურსიც მიმდინარეობს. კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტი თამარ ლიჩელი.
ფესტივალის ფარგლებში იმართება მასტერკლასები და შეხვედრები ახალგაზრდა მუსიკოსებთან, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
კონკურსის დასკვნითი ღონისძიება 25 ოქტომბერს გაიმართება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცემათ.
პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, თბილისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.














