„ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა არის უკიდურესი სიმდაბლე“ - ნანა გეგეჭკორი ტეხასში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

გეგეჭკორი

ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ფაქტს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ეხმაურება და ბავშვებს მიმართავს.

„ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, რა გინდა, რა მიზეზით, ერთმანეთზე ძალადობა ნებისმიერი მოტივით, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა სოციალური, ეკონომიური ან გარეგნული პრივილეგიით, არის უკიდურესი სიმდაბლე.

როცა სხვას დასცინით, სინამდვილეში თვითონ ხართ სულელის როლში. სხვაზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ბულინგით საკუთარ თავზე ჰყვებით უსაზიზღრეს ისტორიას. რა შორსაც უნდა გაიჭრათ წინ, კარიერურ-ფინანსურად, თუ სულიერ არსებებზე ძალადობთ, არარაობები ხართ. ასეთი არარაობები ვერასდროს ვერაფერს ქმნიან ღირებულს.

ნურასდროს იძალადებთ სულიერ არსებებზე. როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ, წარმოსახვაში როლები გაუცვალეთ და წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით მათ ადგილას. ადამიანები ველურ მტაცებლებად არ იბადებიან. ისინი ერთმანეთს ქმნიან ასეთებად.

უკვე ვრცელდება პირველი ცნობები იმის თაობაზე, რომ ტეხასში მომხდარი ტრაგედიის შემოქმედი თვითონ არაერთხელ გამხდარა თანაკლასელებისგან ჩაგვრის ობიექტი. თქვენ ჰბადებთ ერთმანეთში ველურ მტაცებლებს. ბოლოს და ბოლოს, თქვენ თვითონვე შეიძლება აღმოჩნდეთ სასიკვდილო საფრთხის წინაშე.

ბავშვებო, ნუ გაიხდით ძალადობას ცხოვრებისეულ რუტინად!“ - წერს გეგეჭკორი.