ბავშვების ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის ძაღლის ყოლა უნიკალური შესაძლებლობაა - ფსიქოლოგი

ძაღლი

დღემდე საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ როდესაც ოჯახში ბავშვია, შინაური ცხოველის ყოლა საფრთხის შემცველია. როგორი გავლენა აქვს ცხოველს ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჯანმრთელობაზე, ამაზე „დილა მშვიდობისა საქართველო“-ში ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი საუბრობს.

„ბავშვები ყველაზე ხშირად მეუბნებიან, რომ ძაღლი არის ერთადერთი, რომელსაც ის ყოველთვის, ყველაზე მეტად უყვარს. არ სჭირდება კარგად სწავლა, კარგად მოქცევა, ის ყოველთვის მასზე ფიქრობს და ზრუნავს. ეს არის იმ ბავშვების აზრი, რომლებსაც უკვე ჰყავს ძაღლი და გამოცდილება აქვს.

თუ ძაღლის მოვლაზე ბავშვს საყვედურის და შენიშვნის ფორმით მიუთითებთ, იმ რიგ პასუხისმგებლობათა სიაში გადავა, რომელიც ბავშვებს ეზარებათ. დამერწმუნეთ, ბავშვს არ დაეზარება ძაღლის მოვლა, თუ ჩვენ აქცენტს სხვა რამეზე გავაკეთებთ: ერთად მოვუვლით, დავარწმუნებთ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია, მივცემთ იმის უფლებას, რასაც მანამდე არ ვაძლევდით.

ბავშვების ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის ძაღლის ყოლა უნიკალური შესაძლებლობაა. განსაკუთრებით, მორცხვი და დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია ძაღლთან ურთიერთობა - მორცხვ ბავშვს კონტაქტის პრობლემა აქვს, ძაღლი ამაში ძალიან ეხმარება და ხსნის“, - ამბობს ფსიქოლოგი.