„ბარბარობა ლობიანების დღესასწაულად აქციეს... ლობიანს იმიტომ ჭამენ, რომ მარხვაა...“ - მამა შალვა

მამა შალვა

ბარბარობა არ არის ლობიანების დღესასწაული. ლობიანს იმიტომ ჭამენ, რომ მარხვაა... რომ არ ჭამო დღეს ლობიანი, არაუშავს... არაფერი მოგივა, - ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა  მამა შალვა კეკელიამ იქადაგა.

„მთავარია, ბარბარემ რაც აირჩია, შენც ის აირჩიო.  იმ ცხოვრებას მიჰყვე. მახსოვს, ერთხელ ერთმა ადამიანმა მკითხა, შენ დღეს ლობიანი არ გიჭამიაო, არა მეთქი, როგორ, ლობიანი არ ჭამე დღესო?! ლობიანი ჭამე კი არა, იმარხულე, ილოცე, საკუთარ სულში ჩაიხედე... ამდენი მანკიერება გაქვს, ლობიანი რას გიშველის...

ბარბარობა ლობიანების დღესასწაულად აქციეს, წარმოიდგინეთ, სადამდე დაიყვანეს ეს დღესასწაული. როგორ ცდილობს ეშმაკი, რომ ეს ღირებული და ფასეული რაღაცები ადამიანებს წაართვას. სადამდე დაჰყავს ეს ყველაფერი... ეშმაკს უნდა, რომ ეს საოცარი დღესასწაულები დაამდაბლოს, მიწიერ დონეზე დაიყვანოს. ლობიანის დონეზე დაიყვანოს დღესასწაული. ასეთ მდაბიო დონეზე ქრისტიანობა არ შეიძლება დაიყვანო... შენ მუცლის მსახური არ უნდა გახდე... მუცელი შენი მსახურია, შენ უნდა მოგემსახუროს...“ - იქადაგა მამა შალვამ.