ამერიკული კომპანიისგან გამოვიწერეთ 10 ფლაკონი კანაბიდიოლის ზეთი ... საბაჟომ გააჩერა - „გირჩი-მეტი თავისუფლება“

girchi

„ამერიკული კომპანიისგან გამოვიწერეთ 10 ფლაკონი კანაბიდიოლის ზეთი, Broad Spectrum-რაც ნიშნავს, რომ არ შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს და არც სხვა რაიმე ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მცირე რაოდენობითაც კი“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“  ერთ-ერთი წევრი, ბორის „ჩელე“ ყურუა წერს.

მისი თქმით, საბაჟომ გააჩერა ამანათი იმ ეჭვის საფუძველზე, რომ ეს რაღაც შეიცავდა THC-ის

„საბაჟომ გააჩერა ამანათი იმ ეჭვის საფუძველზე, რომ ეს რაღაც შეიცავდა THC-ს. წადით და სამხარაულის დასკვნა მოიტანეთ ან გამომგზავნმა გამოგზავნოს ლაბორატორიული ანალიზიო (ჯერ - ამერიკამ მოგვწეროსო მეუბნებოდნენ, მაგრამ ეგ ცალკე ისტორიაა). არ გვჯერა, პროდუქტს რაც აწერია, რატომ უნდა დავიჯეროთ შეფუთვაზე დატანილი წარწერისო?


მოკლედ, დავეკონტაქტეთ გამომგზავნს და გამოგვიგზავნა ლაბორატორიული ანალიზი, რითაც დასტურდება, რომ ეს ზეთი არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ შეიცავს (ისედაც ცხადი იყო, დასახელების გამო).


დღეს მივიტანეთ ეს დოკუმენტი, უყურა მებაჟემ, უყურა და არ ვიცი მე, ეს რა არისო. - ყველაფერი ზედ აწერია, წაიკითხე და ნახავ-მეთქი და უბრალოდ დაიკიდა, - წადით და სამხარაულის დასკვნა მომიტანეთო.


მერე გვითხრა, ეს ზეთი საერთოდ აკრძალულიაო და ცოტა რომ ვეკამათე, ისევ სამხარაულის დასკვნაზე გაგვაგზავნა, - მე ეს არ მაინტერესებსო.


მოკლედ, უბრალოდ დაიკიდეს PharmLabs-ის დასკვნა, რომელსაც ISO სერტიფიკატი, PJLA აკრედიტაცია და ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ეფრუვალი აქვს და მთხოვენ სამხარაულის დასკვნას, რომელიც დაჯდება გამოწერილ პროდუქტზე ძვირი.


მინიმუმ სამსახურებრივ გულგრილობასთან გვაქვს საქმე, მებაჟეების მხრიდან, რომლებიც ცხოვრებას არაფრის გამო გვირთულებენ.

უამრავ ადამიანს სჭირდება კანაბიდიოლის ზეთი ყოველდღიურად, მთავრობა უსაშველოდ გვიძვირებს ამ პროდუქტს. შანსი არ არის, ეს ასე დავტოვოთ, იქნება კანაბიდიოლი ლეგალური!“ - წერს ბორის „ჩელე“ ყურუა.