ამაზე გავჩუმდეთ?! ვყლაპავდი, მაგრამ გამეჩხირა!.. ვერ გადავყლაპე - ვის შესახებ წერს პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი

კიდევ ვიტყვი, პანდემიამ სულ უფრო დაამძიმა სასულიერო პირის ცხოვრება, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ბოლო ორი წელი მღვდლის ოჯახისთვის… მოგეხსენებათ, მრავალშვილიანები უმეტესად სასულიერო პირები არიან და მათი ფონი წარმოიდგინეთ, როგორი იქნება, როცა მამას ხელებჩამოყრილს დაინახავენ სახლში მისულს, - ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ერთმა სასულიერო პირმა მომწერა ,,ზოგს სხვისი ხელით უნდა ეკლის გლეჯა”…

მართლა რა გულსატკენია, თუ სულს ღაფავ და სკოლაში შვილებს ვერ უშვებ, სადილს ვერ ახვედრებ, შიშველი გყავს სახლში გამომწყვდეული და ამის გამო გული გეგლიჯება, მარტო პირადში არ მომწერო, დადექი და ისაუბრე… ისაუბრე ყველა იმ მძიმე ფონზე, რაც ასე ძალიან განადგურებს და ბოლოს გიღებს… თუ არ ისაუბრე, მოგდგებიან და გეტყვიან, რატომ არ მითხარი, რატომ არ მოხვედი და ჩაგვაყენე საქმის კურსში, დაგვესიზმრებოდაო?! მერწმუნეთ, ასე გეტყვიან!… სხვა საკითხია, თქმით რამე შეიცვლება თუ არა, მაგრამ გულში ხინჯად არ გექნება, ნეტავ მეთქვაო!..

რაც უფრო დიდხანს ითმენ, შედეგს უარესს დადებ, ბოლოს ისე გასკდება ვითომ ეს დუმილი, რომ სამყაროს შეაზანზარებს…

კიდევ ვიტყვი, პანდემიამ სულ უფრო დაამძიმა სასულიერო პირის ცხოვრება, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ბოლო ორი წელი მღვდლის ოჯახისთვის… მოგეხსენებათ, მრავალშვილიანები უმეტესად სასულიერო პირები არიან და მათი ფონი წარმოიდგინეთ, როგორი იქნება, როცა მამას ხელებჩამოყრილს დაინახავენ სახლში მისულს…

ერთმა მღვდელმა შემომჩივლა, სახლში მისვლა მეზარება, ბავშვები მშივრები არიანო!.. ყველაფერთან ერთად საწვავი ისე გაძვირდა, ალბათ წირვამდე ვეღარ მივალთ, მრევლს ვინ ჩივის, ლამისაა მღვდლები ვერ მივიდნენ ტაძრამდე…

სასულიერო პირს შეცდომა რომ მოუვიდეს, ზემდგომები ჩაქოლავენ, მაგრამ არ იკითხავენ, რამ ჩააგდო ამ დღეში, რა მოხდა და რაში შეიძლება მოინახოს გამოსავალი…

არავითარი ადამიანური მოპყრობა… მშიერთან ერთად უმადურობითაც კვდები… ძალიანაც რომ მოინდომო, ამ უმსგავსობასთან შეგუება არაფრით გამოდის…

უამრავი ფაქტი მახსენდება, მაგრამ კიდევ ერთი იყო ძალიან მძიმე… ერთმა მღვდელმა თქვა, ცოლი მეუბნება ზეთი მაინც მოიტანე ტაძრიდანო და არ სჯერა, რომ პანაშიდზე ზეთი იშვიათად მოაქვთ, ისე გაძვირდაო!.. აი, ეს არის ჩვენი რეალობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა… ეს არის ტრაგედია უგმიროდ!..

და ამაზე გავჩუმდეთ?! და ეს ჩავყლაპოთ?! ვყლაპავდი, მაგრამ გამეჩხირა!.. ვერ გადავყლაპე, “- წერს პეტრე კოლხი.