„ამ პროდუქტებს მაქსიმალურად მოერიდეთ“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რეკომენდაციას აძლევს და მშობლებს მოუწოდებს, ბავშვების რაციონში გარკვეული პროდუქტების ხშირი მოხმარება შეზღუდონ.

როგორც ღოღობერიძე განმარტავს, საუბარია გადამუშავებულ ხორცპროდუქტებზე - მათ შორის ბეკონზე, სალიამსა და ჰოთ-დოგზე. მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტების რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობისთვის არასასურველ რისკებთან არის დაკავშირებული.

„ბეკონი, სალიამი და ჰოთ-დოგი ბავშვებს არ მისცეთ და უკეთესი იქნება, თუ თავადაც მაქსიმალურად შეზღუდავთ მათ მოხმარებას“, - ამბობს ექიმი.

მისი განმარტებით, ამ ტიპის პროდუქტებში ხშირად გამოიყენება კონსერვანტები, მათ შორის, ნატრიუმის ნიტრატი და ნიტრიტი, რომლებიც გარკვეულ პირობებში ნიტროზამინების წარმოქმნას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ექიმი მოსახლეობას ურჩევს, გადამუშავებული ხორცპროდუქტები ყოველდღიური კვების ნაწილად არ აქციონ.