„ამ ბაღმა მის გარშემო უნდა გააერთიანოს ახალგაზრდობა“ - რა ადგილას გაშენდება ნიკო კვარაცხელიას სახელობის ბაღი

niko

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში მოგვარის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ბაღის გაშენებას გეგმავს. მან ნიკოს დედასთან, იზა ომაძესთან ერთად ადგილი შეარჩია და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ბაღის გაშენება მალე დაიწყება.

პეტრე კოლხი: გიორგობის დღესასწაულზე სასხორის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის ფრთებ ქვეშ, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ეზო სავსე იყო და ცენტრალურ გზაზე საცობი შეიქმნა. არა მხოლოდ ხეობის მოსახლეობა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ მომლოცველები. ამ მომლოცველებში მინდა გამოვარჩიო ნიკო კვარაცხელიას დედა - იზა, რომელიც ჩემს საამაყო კვარაცხელიებთან ერთად მობრძანდა. ქადაგების შემდეგ მე აუცილებლად უნდა მესაუბრა იზას შესახებ, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც ღირსეულად დაითმინა ეს უკურნებელი ტრაგედია. სხვა საკითხია როგორ უძლებს ის ამ გაუსაძლის ტკივილს, თუმცა შვილგარდაცვლილ დედებს, ნამდვილად აძლევს მაგალითს. მე მის ტკივილს შევადარებდი ღვთისმშობლის ტკივილს, რომელიც გოლგოთაზე იდგა და გაჰყურებდა, როგორ აცვამდნენ ჯვარს მის ერთადერთ შვილს. 

ნიკო განსაკუთრებული ახალგაზრდა იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი ჯიშის და გვარის წარმომადგენელია. ნიკო იდეაა და არა კონკრეტული პიროვნება. შეიძლება ადამიანი მოკლა, მაგრამ იმ იდეის და მასშტაბების სიკვდილი, რომელსაც ნიკო პატარა ასაკში დაატარებდა, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ადრეულ ასაკში მოკლეს ჯალათებმა, მაგრამ იდეის მოკვლა ასე ადვილად არ ხდება. არა მგონია, ასეთი კეთილშობილი იდეის მოკვლა მთელი ქვეყნიერების მასშტაბით ვინმეს ხელეწიფებოდეს.

ის უფალმა ადრეულ ასაკში გადაიყვანა მარადისობაში და ააცილა ის ტანჯვა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში სუფევს. მიწიერ ჯოჯოხეთს განარიდა და დაუმკვიდრა ცათა სასუფეველი.

ჩვენი ტაძრის ეზოში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მე იზასთან ერთად ერთი პატარა კუთხე შევარჩიე, რომელიც პირდაპირ გადაჰყურებს დიდგორის ხეობას. ტაძრის იმ კუთხეს, რომელიც პრაქტიკულად შესასვლელი ნაწილია, აუცილებლად ერქმევა ნიკო კვარაცხელიას სახელობის ბაღი.

ისევე როგორც სასხორის წმინდა გიორგის ტაძარი, გიორგობას, დიდებული წმინდა გიორგის ხატით დამშვენდა, ტაძრის ეზო, ამ ლამაზი ბაღით, ასევე მალე დამშვენდება. ნიკოს სახელობის ბაღმა, ისევე როგორც ჩვენმა პატარა ტაძარმა, მის გარშემო უნდა გააერთიანოს ყველა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა. 

"ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია". ეს ნიკოზეა ნათქვამი. მკვდარი ისინი არიან, ვინც ის სიკვდილისთვის გაიმეტეს. ნიკოს ვერასდროს მოკლავენ.

მადლობა იზას, რომ ასე გმირულად უძლებს ამ გაუსაძლის ტკივილს და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს შესაძლებლობა ნიკო ტაძრის ეზოში გავაცოცხლოთ და მოვეფეროთ.