,,ალბათ, მოგვიწევს, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და რეგულაციებზე ფიქრი" - ალუდა ღუდუშაური გუდაურში იმყოფება

aluda gudushauri

თეთრი არაგვის ხეობაში, სადაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა, ,,ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური იმყოფება. 

პარლამენტარმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პარაპლანებთან მიმართებით, უსაფრთხოების ნორმები და რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. 

,,მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს, მთლიანად საქართველოს. 

ძალიან მძიმე ფაქტია და აქ სიტყვების პოვნა ძალიან რთულია.

სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს ამ ოჯახებისთვის. 

ჩვენ ალბათ, მოგვიწევს, კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და რეგულაციებზე ფიქრი.

მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე და ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი ადამიანები, რომელთა თავგანწირვის მაგალითი დღეს ყველამ ვიხილეთ.

რეგულაციების გადახედვაზე როდესაც ვსაუბრობთ, შეიძლება იყოს პარაპლანებთან მიმართებაში", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

ვრცელდება ბოლო ცნობები, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების შესახებაც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა - ერთი მძიმედ დაშავდა.