"ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, ღვთისმშობლის მიძინებისა. სახლში სანთლები ენთო. იგი მხურვალედ ლოცულობდა..." - წმინდა მარიამის მიძინების ისტორია

dedagvtisa

ყოვლადწმინდა ქალწული ისწრაფოდა ცისკენ და ლოცულობდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით. როგორც ქვეყანაზე ქრისტეს სწავლების მთესველი, იგი ხედავდა, რომ ადამიანთა სულების წმინდა სამკალი უკვე დამწიფებული იყო: ეკლესიის დაარსება და მოწყობა აღსრულდა, ქრისტიანობა და მასთან ერთად ღვთისმშობლის დიდება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ახლა კიდევ უფრო მხურვალედ ევედრებოდა თავის ძეს, რომ, რაც შეიძლება ჩქარა გადაესახლებინა იგი ზეცაში.

ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი, იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო.

ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს, მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი.

როდესაც მოსალოდნელი ნეტარი მიძინების სასიხარულო ამბავი შეიტყო, მისი სახე ისეთი ზეციური სიხარულით ბრწყინავდა, რომ მისმა ღვთაებრივმა დიდებამ ყველა შეაძრწუნა.

ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. ის მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს. ბრძანა, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისათვის აუცილებელი იყო.

იოანემ ყველაფერი დაუყოვნებლივ აცნობა იაკობ მოციქულს - იოსებ დამწინდველის ძეს, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, რომელმაც ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში - ოთხივე მხარეს გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ. როდესაც თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყობდნენ, რომ იგი ზეცაში უნდა გადასახლებულიყო, მწარედ ტიროდნენ და სახლს ხმამაღალი მოთქმით ავსებდნენ, ევედრებოდნენ ყოველთა ნუგეშინისმცემელს, რომ ობლად და უპატრონოდ არ დაეყარა ისინი. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

ყველა ღვთისმოსაობით უმზერდა მის სახეს და ისმენდა ის სიტყვებს, ამასთან, ღვთისმშობელს არ დავიწყებია თავისი მწირი ქონების და დაკრძალვის შესახებ ანდერძი დაეტოვებინა. მისი ორი შესამოსელი რჩებოდა ორ ღარიბ ქვრივს, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ. მას ყველა უყვარდა, განსაკუთებით კი ისინი, ვინც მის დახმარებას საჭიროებდა. თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ.

ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. 

ახლოვდება დღის სამი საათი, დრო, როდესაც ღვთისმშობლის მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები.
სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივებდა ყოველი მიწიერი დააბნელა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა - თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას. თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით გახარებულმა მან წარმოსთქვა სიტყვები ღვთივსულიერი საგალობელისა: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა" - სარეცელიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა“. ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა გაიმეორა თავისი ლოცვა: „მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა“.

უფალმა დაამშვიდა იგი: ბნელი ძალა გველისა დათრგუნულია და თვით მოუწოდებს მას, რათა მიწიერიდან ზეციურ ცხოვრებაში თამამად გადავიდეს.

მარადის ქალწულმა სიხარულით შესძახა: „მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ის კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თვისი ძის ხელს გადასცა. ტკივილების გარეშე შვა იგი და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა - წმინდა სხეული განხრწნისაგან დაიცვა. მაშინ გაისმა ანგელოსთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში.მოციქულები, რომლებიც ღირს იქმნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცად აღსვლა ეხილათ, თრთოლვით იდგნენ და ცას შესცქეროდნენ, როგორც ოდესღაც უმზერდნენ ამაღლებულ უფალს. ყოველივე მიწიერი დავიწყებოდათ - საკუთარი თავიც კი. როდესაც გონს მოეგნენ, შეხედეს ყოვლადწმინდა სხეულს და დაინახეს, რომ მისი სახე ზეციური ნათლით ბრწყინავდა, მისგან საოცარი კეთილსურნელება გამოდიოდა.მოციქულთა დასმა სიყვარულით უგალობა მას: „ზეციურსა სავანესა შინა ძისა შენისასა შეწყნარებული ყოველ ჟამ ხარ ღვთისმშობელო, შეწევნად ერისა შენისა“.და ცის სიმაღლიდან მოისმა ღვთისმშობლის ხმა, რომელიც კადნიერად მიმართავდა თავის ძესა და უფალს: „შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ“.ყველა იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლადწმინდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა და მთავარანგელოსის გალობით განადიდებდნენ მას: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“. წმინდა მოციქულები მისი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ამქვეყნიურ განშორებას გლოვობდნენ, მაგრამ ნუგეშს სცემდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი სხეული. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი - წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ - სიონიდან გეთსიმანიამდე გალობით მიდიოდნენ; მსვლელობის პროცესში - თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს. ციდან ანგელოსთა გალობა ისმოდა.როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს და მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ისევე, როგორც ოდესღაც თავისი ეჭვით ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება დაამოწმა. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი.