გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
„ჩამობინდების დროს, ახლა შეაგროვებენ თივას და დაანთებენ ცეცხლსა, რომელსაც ეძახიან „ჭიაკოკონას“ და დაიწყებენ ზედ სამჯერ გადახტომა-გადმოხტომას და თანაც ყვირიან - „აჰარი! ჰურული კუდიანებისა!“
ამითაც იმას იმედოვნებენ, ცეცხლს რომ დავანთებთ და ზედ სამჯერ გადავხტებით, კუდიანი ვეღარ მოგვიახლოვდება და მშვიდობიანად გაგვითენდება დილაო.
აი სულ ამ სამკაულებით ეგებება ამ დღეს, ჩვენი ხალხი. რომ რამე ჰკითხოს კაცმა მათ, თუ რისთვის შვრებით მაგასა, ეგ რა ჩვეულება არისო? ყველანი ამას გიპასუხებთ - რა ვიცი, შენი ჭირიმე, ჩვენი ჩვეულება და რჯული აგეთი გახლამთ და რომ არ შევასრულოთ, ცოდვა არისო! ამაზე მეტს ვერაფერს გაიგებს მათგან კაცი - თუ რის ნიშნის გამო ასრულებენ...“- ზ. მთაწმინდელი (ჭიჭინაძე), გაზეთი „დროება“, 1877 წ.
უძველესი ქართული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“, ცეცხლით განწმენდის დღეობას ნიშნავს, რომელიც დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურების გამწმენდ ძალაზე.
„ჭიაკოკონობა“, სხვადასხვა ხალხში, წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა: ყველიერის ორშაბათს, დიდმარხვის პირველი ან უკანასკნელი კვირის შაბათს და ა.შ.
საქართველოში „ჭიაკოკონობა“ დიდ ხუთშაბათს, ან დიდი ხუთშაბათის წინა საღამოს იცოდნენ. ეზოში კოცონს გააჩაღებდნენ, ახალგაზრდები ცეცხლის გარშემო დარბოდნენ, ცეკვავდნენ, ზედ ახტებოდნენ და გაიძახოდნენ „არული კუდიანებსაო“.
შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ.
დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა“ და „გულადობის“ დემონსტრირებას ახდენს.
ასეთია, ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა!
როგორია სინამდვილეში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?
ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები, უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.
ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით, კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით აღესრულებოდა.
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.
არადა სინანდვილეში, პირიქით ხდება.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, „ჭიაკოკონას“ ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.
საოცარია - ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის, ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ „ჭიაკოკონობას“.
ისინი ვერ გეტყვიან რა არის, ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი, არაფრით გამორჩებათ...
ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი - ჭეშმარიტი ღმერთი.
ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას.
ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ - დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.
გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა, ძირითადად, იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა.
კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ.
მსგავსი ჩვეულება გავრცელებული იყო, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ხევსურეთში „ჭიაკოკონობას“ „კუდიან წუხრას“ უწოდებდნენ, რაც აშკარად მიუთითებს ამ დღეობის უშუალო კავშირზე ბოროტ ძალებთან.
მას გურიაში„ფაკლობას“ ეძახდნენ, ქართლსა და იმერეთში - „ჭიაკოკონობას“, მესხეთ-ჯავახეთში - წითელ პარასკევს იცოდნენ, სამეგრელოში - 15/28 აგვისტოს.