აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ „ბათუმური ჩაის საღამო“ გაიმართა

ბათუმური ჩაის საღამო

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ ,,ბათუმური ჩაის საღამო“ გაიმართა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ბათუმის ისტორია, ჩაის კულტურა, ლიტერატურა, მუსიკა და ხელოვნება.

საღამო გახსნა სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ.

საღამოს ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სამოვრებისა და ჩაიდნების კოლექციები, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები, ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა, რომლებიც ჩაის კულტურისა და მისი განვითარების ისტორიას ასახავდა.

„ბათუმური ჩაის საღამო“ ჩაის დაყენების მასტერკლასით გაიხსნა, რომელსაც დიპლომირებული ჩაის ოსტატი, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა კოორდინატორი, 2016 წლის ჩაის ოსტატთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ,,ქართული ველური ჩაი“ ანა ვართანოვა უძღვებოდა.

„ბათუმური ჩაის საღამოს” ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები, ხელოვანები, მუსიკოსები, მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. სტუმრებმა ისაუბრეს ბათუმზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ქალაქის კულტურულ წარსულზე, გამორჩეულ ადამიანებსა და ისტორიულ ადგილებზე, რომლებიც ბათუმის უნიკალურ კულტურულ იდენტობას ქმნიან.

საღამოს ფონად მიჰყვებოდა საოცარი სიმღერები ბათუმზე, რომელსაც მუსიკოსი ნონა დიასამიძე და მხატვარი თამაზ ზარქუა ასრულებდნენ. საღამო თბილ, შემოქმედებით გარემოში წარიმართა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბათუმის მდიდარი კულტურული ტრადიციები.

✕