„5 წლის წინ რომ ვთქვი, გალაკტიონი არ მომწონს-თქო, ახლაც ამ ფრაზას დაათრევენ...“ - ლაშა მაზანაშვილი

ლაშა მაზანაშვილი

ლაშა მაზანაშვილი საზოგადოებამ წლების წინ ლექსებით გაიცნო და მალევე, ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა.  მის წაკითხულ ლექსებს კი სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

იყო პერიოდი, როცა ლაშას რამდენიმე ფრაზა საზოგადოებამ საკმაოდ მძაფრად აღიქვა. ამის გამო მას ბევრი კრიტიკის მოსმენა და წაკითხვა მოუწია.

„მილიონჯერ გავიმეორებ, რომ გალაკტიონი არის ძალიან ცუდი პოეტი“ - ქართველებმა მისი ეს განცხადება საკმაოდ მტკივნეულად აღიქვეს და თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს, ვნახავთ, რომ 5 წლის წინ გაჟღერებულ ამ ფრაზას დღემდე პოეტს დღემდე ახსენებდნენ.

„პრაიმტაიმმა“ „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის პოზიცია მოისმინა და გაარკვია, რას ფიქრობს 5 წლის შემდეგ პოეზიის მეფედ წოდებულ ტაბიძეზე მაზანაშვილი. 

ზუსტად 5 წლის წინ, 2018 წელს ვთქვი, რომ გალაკტიონი არ მომწონს-თქო. უბრალოდ, ეს ჩემი მოსაზრება იყო. ამ ყველაფრის იდეა სულ სხვა რამაა, რაც ძალიან ბევრჯერ ავხსენი. შეიძლება მოსაწონი არ იყო, ჩემთვისაც გასაკვირი იქნებოდა, ვინმეს გალაკტიონი რომ არ მოსწონდეს. თავის მართლებას არასდროს ვიწყებ, რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ თითოეულ სიტყვაზე, თუმცა, ახსნა დავურთე... მაგ ნათქვამის აზრი და პათოსი ის იყო, რომ  თავისი შეხედულებების გამო ადამიანი არასდროს უნდა გალანძღო.

მე რომ მეთქვა, მესი ცუდი ფეხბურთელია-თქო, ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა. ხალხის აზრით, რადგან პოეზიაში ვარ, გალაკტიონთან მიმართებით, უფრო მეტი მომეთხოვება. 

გალაკტიონი მომწონს - პირველი ლექსი, ალბათ, მისი წავიკითხე და ვისწავლე. მის შემოქმედებას სრულიად ვიცნობ და პატივს ვცემ. ეს ჩემი ნათქვამი სულ სხვა აზრის იყო და სულ არ მინდოდა, ხალხს, 5 წლის მერეც, ასე გაეგო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ ავხსენი. შეიძლება, არასწორი შედარება და მოსაზრება იყო, მაგრამ 5 წლის მერე, ამ თემას ისევ ატრიალებენ,“ - ამბობს ლაშა მაზანაშვილი.