„31 დეკემბერს მოგილოცავთ შეუსრულებელ 35 წლის იუბილეს“ - კლინიკა გარდაცვლილი ექიმის ვიდეოს აქვეყნებს

ალექსანდრე  კვაჩიძე

ქუთაისში, „სამედიცინო ცენტრი საროველის“ კლინიკურ დირექტორს, ალექსანდრე კვაჩიძეს კოლეგები ემოციური ვიდეორგოლით ემშვიდობებიან.

„საშინელ ბურუსში ვართ ალეკო ექიმო, ვერ ვიჯერებთ და არც გვინდა დავიჯეროთ, რომ აღარასდროს შემოგვიღებთ კლინიკის კარს, რომ მეგობრულად აღარასდროს შემოიკრებთ დილის კონფერენციაზე კოლეგებს.

თქვენი ნაჩუქარი ფერადი, დიდი პეპელა დავკიდეთ თქვენს კაბინეტში - იმ პეპელასავით მოფრინდით ჩვენთან, გაგვახარეთ, მოგვეალერსეთ, ახალგაზრდებს თქვენი ფრთები ბევრჯერ დააფარეთ და უცებ წახვედით…

დღეს ყველანი გეფერებით, ისე, როგორც არასდროს და თქვენს ფოტოებს ვქექავთ ჩვენს არქივებში, თითქოს ამით გაგაცოცხლებთ, დაგიბრუნებთ და ისევ ყველაფერს დავიწყებთ თავიდან.

თქვენი მოსაგონარი ვიდეორგოლიც კი პოზიტიური და ხალისიანი გამოდის, სწორედ ისეთი, როგორიც თავად იყავით. სხვაგვარი ვერც წარმოგვიდგენიხართ.

ვუყურებთ და კადრებიდან გვესმის თქვენი ხმა:

,,სიკვდილი არა არის რა.

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ…

შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.”

31 დეკემბერს მოგილოცავთ შეუსრულებელ 35 წლის იუბილეს და უკანასკნელ გზაზე გაგაცილებთ. ვეცდებით არ ვიტიროთ, თუმცა არ გამოგვივა, ვიცით. იმიერში შეხვედრამდე, ჩვენო უბოროტო ალეკო ექიმო“ - წერია პოსტში.

ნახეთ ვიდეო