26 წლის ქალის საქმეზე „საფარი“ პოლონეთს ევროსასამართლოში უჩივლებს

როზეტა ყალიჩავა

მოკლული 26 წლის  ზუგდიდელი ქალის საქმეზე, ორგანიზაცია „საფარი“ პოლონეთს ევროსასამართლოში უჩივლებს.

ორგანიზაციის იურისტი თამარ ლუკავა მოკლულის ოჯახში სოფელ დარჩელში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პოლონეთის პოლიცია გულგრილად მოეკიდა ამ საქმეს, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და არაერთი მიმართვის მიუხედავად, არ დაიცვა ქალის სიცოცხლის უფლება.

„მომწერა, რომ რამდენჯერმე მეზობლებმა გამოიძახეს პოლიცია და ადგილზე მისულ პოლიციელებს ვერ გააგებინა, ვერ აუხსნა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა, რადგან ენა არ იცოდა. ვუთხარი, რომ აუცილებლად მიემართა პოლიციისთვის და თუ თვითონ ვერ შეძლებდა პოლიციაში შეტყობინების გაკეთებას, მაშინ ისევ მე დამკავშირებოდა და მე დავეხმარებოდი საქართველოდან“, - ამბობს ლუკავა. 

მანვე აღნიშნა, რომ ოჯახის პოზიციაა, პირველ რიგში ცხედრის დროულად ჩამოსვენება საქართველოში და შვილიშვილების ჩამოყვანა.

„ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა დაუყოვნებლივ. ასევე, აუცილებლად უნდა ვუჩივლოთ პოლონეთის სახელმწიფოს ევროსასამართლოში“, - განმარტა თამარ ლუკავამ.

ახალგაზრდა ქალი პოლონეთში მოკლული იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე მისი ქმარი ბრალდებული.ქალს საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი 12 ივნისისთვის ჰქონდა აღებული.