პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბავშვობაში, სულ სხვა მიზნები და ოცნებები ჰქონდა. ყველა ფიქრობდა, რომ არქიტექტორი გამოვიდოდა და თავადაც მომავალს, ამ პროფესიაში ხედავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა, სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. არჩევანს არ ნანობს.
22 წლის ლუკა ემრაშვილი, ახლა მილიონობით ადამიანის საოცნებო სამსახურში, ამერიკულ მულტინაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანია Amazon-ის ცენტრალურ ოფისში მუშაობს. ეს ისტორია კი მაშინ დაიწყო, როცა 2000 წელს ქალაქ რუსთავში ემრაშვილების ოჯახში მესამე შვილი, ლუკა დაიბადა.
გზა, რუსთავიდან „Amazon“ -მდე, საკმაოდ გრძელი და რთული აღმოჩნდა. უფრო მეტს, ლუკა „პრაიმტაიმს“ თავად უყვება.
„დავიბადე და გავიზარდე რუსთავში. ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართულ გიმნაზიაში, ჩემი საყვარელი საგანი იყო მათემატიკა. მე - 8 კლასამდე დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე, ჭადრაკზე, მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრაც. კარგად გამომდის ხატვა და ხაზვა, ხშირად ვაწყობდი ქაღალდისგან სახლის მაკეტებს. თავიდან ვოცნებობდი არქიტექტორი გამოვსულიყავი, თუმცა აბიტურიენტობისას, მთელი რიგი ფაქტორების გამო გადავიფიქრე ამ ფაკულტეტის არჩევა.
წარმოდგენა არ მქონდა პროგრამირება რა იყო სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, და გამიმართლა, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი - დღესდღეობით ყველაზე მეტად მზარდ და მოთხოვნად პროფესიას დავეუფლე. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, დედა პედიატრია, მამა კი- ინჟინერი. მყავს ერთი და-ძმა, ჩემზე უფროსები და ორივე ბიზნესის განხრით მოღვაწეობს.
სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში კომპიუტერულ ინჟინერიაზე, მეოთხე კურსზე კი სწავლა გავაგრძელე სან დიეგოს მთავარ კამპუსში კალიფორნიაში, იქ დავამთავრე და სწორედ ამან მომცა ამერიკაში დასაქმების შესაძლებლობა.
რაც შეეხება Amazon - ის რეკრუიტინგ პროცესს - საკმაოდ ხანგრძლივი და კონკურენტულია, რამდენიმე ეტაპისგან შედგება და 1 წლით ადრე იწყება. პირველი ეტაპია online assessment, რაც გულისხმობს პროგრამული ამოცანების ამოხსნას online პლატფორმაზე. შემდეგ არის Amazon Work Simulation, რაც მოიცავს სამუშაო გარემოს სიმულაციას, კონკრეტულ სიტუაციებში 5 სავარაუდო პასუხზე პრიორიტეტების მინიჭებას და პატარ-პატარა task - ების შესრულებას. ამას მოჰყვება Amazon work style assessment, სადაც მოწმდება რამდენად თანხვედრაში ხარ Amazon - ის Leadership პრინციპებთან.
თუ ამ ეტაპებს წარმატებით გაართმევ თავს, გიწვევენ ფინალურ ინტერვიუების რაუნდზე, რომელიც შედგება სამი 45 - წუთიანი ინტერვიუსგან, სადაც ამაზონის ინჟინრების პირისპირ გიწევს პროგრამული ამოცანების ამოხსნა და „behavioural“ კითხვევზე პასუხების გაცემა. ეს ინტერვიუები აგებულია ალგორითმებსა და მონაცემთა სტრუქტურებზე და მოსამზადებლად გეძლევა დამატებით 1 თვე.
18 ნოემბერს მქონდა ფინალური ინტერვიუების ეტაპი, 23 ნოემბერს კი მომივიდა შემოთავაზება Amazon - ის ნიუ იორკის ოფისიდან.
ჩემი დაც ნიუ იორკშია თავისი ოჯახით - რაც კიდევ უფრო მახარებს. არავინ იცოდა, რომ Amazon - ში გავდიოდი გასაუბრებებს სანამ ყველაფერი წარმატებით არ დასრულდებოდა. არ დამავიწყდება ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების რეაქცია როდესაც ეს ამბავი გავამხილე, მოულოდნელობისგან ყველა ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო.
ხო, ჩემი რეაქცია გამომრჩა, როდესაც გავიგე რომ ამიყვანეს, სან დიეგოში ვიმყოფებოდი, იქ ვსწავლობდი. მიჭირს სიტყვიერად გადმოვცე ის ემოცია, რაც იმ მომენტში დამეუფლა, უაღრესად ბედნიერი და გახარებული ვიყავი, რადგან ჩემ მიერ ამ პროცესში დახარჯულმა დრომ და ენერგიამ შედეგი გამოიღო...
რაც შეეხება ჩემს როლს Amazon- ში, ვარ ნიუ იორკის ოფისში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე, Personalization - ის გუნდში, რომელიც განსაზღვრავს Amazon - ის თითოეული მომხმარებლისთვის პროდუქტების რეკომენდაციებს, თუ რა ნივთებს იხილავს კლიენტი როდესაც საიტს ან აპლიკაციას გახსნის, წარსულში შეძენილი, თუ მოძებნილი ნივთებიდან გამომდინარე. ვმუშაობთ მანქანური დასწავლის მოდელზე, რომელსაც გადაეცემა სხვადასხვა ტიპის მონაცემები, შედეგად კი იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს.
ჩემი უახლოესი გეგმებია Amazon - ში პროფესიული განვითარება, სამომავლოდ კი - საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ.“- ამბობს ლუკა ემრაშვილი.