2021-2022 წლებში, ოჯახიდან ძალადობის მსხვერპლი 152 არასრულწლოვანი გამოიყვანეს

ბავშვზე ძალადობა

2021 წელს და 2022 წლის 9 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ოჯახიდან, ძალადობის მსხვერპლი 152 არასრულწლოვანი გამოიყვანა. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციის მიხედვით, არასრულწლოვანთაგან 105 სახელმწიფო ზრუნვაში განთავსდა, 38 ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, ხოლო 9 მესამე პირთან.

უფრო კონკრეტულად, სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს ოჯახიდან 81 არასრულწლოვანი გამოიყვანეს, აქედან სახელმწიფო ზრუნვაში განთავსდა 57 ბავშვი (მინდობით აღზრდაში 28, მცირე საოჯახო ტიპის სახლში 23, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი 6), ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში 24. 2022 წელს (9 თვის მონაცემებით) კი ოჯახიდან გამოიყვანეს 71 არასრულწლოვანი, აქედან სახელმწიფო ზრუნვაში განთავსდა 48 ბავშვი (მინდობით აღზრდაში 18, მცირე საოჯახო ტიპის სახლში 27, ჩვილ ბავშვთა სახლში 2, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი 1). მესამე პირთან განთავსდა 9 არასრულწლოვანი, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში კი 14.

„ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ოჯახიდან განცალკევების შემთხვევაში მისი გადაყვანა ხდება სახელმწიფო ზრუნვაში, ან მესამე პირთან (ნათესავი, ოჯახის სხვა წევრი და ა.შ.) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში შეტყობინება ძალადობის ფაქტების შესახებ შემოდის სხვადასხვა წყაროდან: პოლიცია, სკოლა/რესურს ცენტრი/ მანდატურის სამს/სამხ.სკოლა, ბაგა-ბაღი/გაერთიანება, სახალხო დამცველი, მოქალაქის მომართვა, არასრულწლოვანი, ანონიმური, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციები, სოც. მომსახურების სააგენტოდან, მშობელი/მიმღები მშობელი/ნათესავი/მეზობელი, ადგილობრივი თვითმმართველობა, საინფორმაციო და მედია საშუალებები, სამედიცინო დაწესებულებიდან, ცხელი ხაზი, სასამართლო, პროკურატურა/პრობაცია/დანაშაულის პრევენცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.