პირი, რომელიც მარტა ბარამიძემ ძალადობაში დაადანაშაულა, ერთ-ერთმა კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა

მარტა ბარამიძე

მასტერშეფის მონაწილემ და მზარეულმა მარტა ბარამაძემ პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე ძალადობაში დაადანაშაულა.  ირკვევა, რომ ბიკო ბირბიჩაძე ბოლო წლების განმავლობაში „მზესუმზირასთან“ თანამშრომლობდა. 

მარტა ბარამაძის განცხადების შემდეგ, „მზესუმზირამ“ პრომოუტერთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ვეხმაურებით ორშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ უმძიმეს ინტერვიუს, სადაც სტუმარმა საჯაროდ დასდო ბრალი მამაკაცს, მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ქმედებებში.

პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა მსხვერპლის მიმართ, რომელმაც დიდი გამბედაობა გამოიჩინა ამბის გასაჯაროებით.

სამწუხაროდ, ადამიანი რომელიც ქალმა დაასახელა, ბიკო ბირბიჩაძეა და ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენთან, პრომოუტერის პოზიციაზე.

სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩვენ მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა აღნიშნულ პირთან.
ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ, ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოების და თანასწორობის განცდა ექნება თითოეულ სტუმარს, ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ შესაბამისი გარემოს შესაქმნელად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს სივრცეში ახდენს სოციალიზაციას, ჰქონდეს გარანტირებული განცდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოება ამ ადგილას არ დაირღვევა.

სწორედ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ.

კომუნა „მზესუმზირა“ სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოლიდარობით, თანაგრძნობით და ერთად დგომითაა შესაძლებელი მომავალში ამ თუ სხვა სახის ძალადობის გამორიცხვა“, - წერია „მზესუმზირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.