ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ქალი წარმატებული ბიზნესის უკან - ეს არის ფაქტი, რომლისთვისაც თაობები იბრძვიან და შედეგსაც აღწევენ. ბიზნესის დაწყება, მისი გამართვა და სიძნელეებთან გამკლავება არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებმაც ნიჭის, მონდომებისა და მრავალწლიანი შრომის ხარჯზე, წარმატებას მიაღწიეს.
„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ფეხზე მყარად დადგომა, რამდენჯერმე ფიასკოს ხარჯზე, მოახერხა.
შეიძლება ითქვას, რომ ქეთევან მეჭურჭლიშვილმა მამის გზა აირჩია, რადგან მამამისი უკვე 28 წელია, უკრაინაში, ზუსტად იგივე საქმეს ემსახურება. ხელობაც მან შეასწავლა - შვილი და სიძე მიიბარა და ყველაფერი დეტალურად აათვისებინა.
საბოლოოდ, ცოლ-ქმარი საქართველოში დაბრუნდა, მშობლიურ კახეთში დამკვიდრდა და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგა. ასე შეიქმნა წარმატებული კომპანია „Metal Production - მეტალის ნაკეთობები“.
როგორც ქეთევანი ამბობს, მან და მისმა მეუღლემ, ალექსანდრე კუტიბაშვილმა ბიზნესი 1800 ლარით დაიწყეს. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, საბოლოოდ, დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ქეთევან მეჭურჭლიშვილი: გაჭირვების გამო, ემიგრაციაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავედი, ჩემმა მეუღლემ არგონით შედუღება შეისწავლა, მე - როგორ უნდა მეწარმოებინა და რა უნდა გამეკეთებინა, რომ ეს ბიზნესი საქართველოში ჩამეტანა და ყველაფრისთვის აქ ჩამეყარა საფუძველი.
ამ პროფესიას უკრაინაში, 3 წლის განმავლობაში ვეუფლებოდით. ვსწავლობდი ნახაზების გაკეთებას, როგორ მეთანამშრომლა მომხმარებლებთან და ა.შ. იქაური და აქაური გამოცდილება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან - ჩვენთან ძალიან გამიჭირდა. ყველაფრის დაწყება ნულიდან მომიწია. მოგროვებული თანხით ინვენტარი შევიძინეთ.
ინვენტარის შეძენის შემდეგ, უფულოდ დავრჩით, თუმცა, მეგობრისგან ვისესხეთ და პირველი ნაკეთობა, საყვავილე, დავამზადეთ.
ინტერესი საერთოდ არ იყო, ყველას ეგონა, რომ ეს საქართველოში წარმოებული არაა, შემოტანილი მქონდა და პროდუქციას ვარეკლამებდი. მხოლოდ ერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ჩვენი არსებობა დაიჯერა.
ვართ კახეთიდან, თბილისში წამოსვლა არ გვინდოდა, გვსურდა, აქ დაგვემკვიდრებინა თავი, რადგან სამუშაო ადგილები ძალიან ჭირს. ახალგაზრდების მიგრაცია ძალიან დიდია და არ მინდოდა, მეც ქალაქში წავსულიყავი.
უნდა აღვნიშნო, რომ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფო დაგვეხმარა - მიგრანტთა პროგრამაში ჩავერთეთ და შეგვიძინეს შედუღების აპარატი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული იყო და მანამდე, ჩვენი მეორადი შეძენილი მოწყობილობით იგივე ხარისხს ვერ ვიღებდით.
- რამდენ ხანში აღმოაჩინეთ, რომ ბიზნესმა მოგება მოგიტანათ?
- დაახლოებით, 1 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ იმ თანხისთვის თავი მომეყარა, ვალი დამეფარა და ახალი ინვენტარი შეგვეძინა. მოგებაზე არ ვსაუბრობდით, როცა ჩამოვედით, ერთი პატარა ოთახი გვქონდა, იმ ოთახში დავიწყეთ ბიზნესის წარმოება. არც გვიფიქრია, რომ შემოსული თანხა პირადი მოხმარებისთვის უნდა გამოგვეყენებინა, ისევ ვყიდულობდით ტექნიკას და ყველაფერს, რაც ჩვენი ბიზნესისთვის გამოდგებოდა.
რა თქმა უნდა, ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ყველაფერი გვქონდეს. არ გვაქვს ლაზერული ჭრის აპარატი და ფორმირების, ამიტომ მაგ სერვისის ყიდვა და თბილისში ჩამოსვლა გვიწევს ხოლმე. თუმცა, ამის გარეშეც, მოგება ერთ წელში დაიწყო.
სამი წელია, რაც საქართველოში ვართ. ვახერხებთ ჩვენი ოჯახის შენახვას. ასევე, ვახერხებთ, რომ გვყავდეს სამი თანამშრომელი და ბუღალტერი. 4 ადამიანი დავასაქმეთ. ვეცადეთ, ჩვენი სოფლის ახალგაზრდები ყოფილიყვნენ.
მეუღლემ ხელობა ბიჭებსაც შეასწავლა, უკვე პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ძალიან კარგად მუშაობენ, მონდომებულები არიან. შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემთან აღარ მოუნდეთ მუშაობა, მაგრამ რომ წავლენ, პროფესია უკვე აქვთ, ეს ძალიან მახარებს.
- გარდა ქოთნებისა, კიდევ რას ამზადებთ?
- ვამზადებთ უჟანგავი მეტალის ღვინის ავზებს, რომელიც კახეთში ძალიან საჭიროა. ასევე, მაგიდებს, სამზარეულოს ინვენტარს, გარე ავეჯს, სკამებს. ვცდილობთ, გვქონდეს მაღალი ხარისხი და განსხვავებული დიზაინი. მაყალი ძალიან მოთხოვნადია. აქ ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან მასალა ძვირია.
შიდა ინტერიერისთვის ვამზადებთ ჟურნალების მაგიდებს, თაროებს მინით, მეტალით... ასევე, ნელ-ნელა ხეზე მუშაობაც ვისწავლეთ. გვყავს თანამშრომელი, რომელსაც ძალიან მოსწონდა ხეზე მუშაობა, ამიტომ ხელი შევუწყე. რამდენიმე პროექტი შევასრულეთ, სადაც ხეზე სამუშაო იყო და ამ ადამიანმა ძალიან კარგად გაართვა თავი.
- მთელი საქართველოს მასშტაბით იღებთ შეკვეთებს?
- დიახ. ახლაც შეკვეთილში ვიყავით. კერძო პირთან წავიღეთ საყვავილეები. გვიკვეთენ ბათუმში, უნდათ, რომ იქაც გვქონდეს ფილიალი.
- ფიქრობთ გაფართოებაზე?
- რა თქმა უნდა, ეგ ჩვენი სამომავლო გეგმაა. ფართის აღება თბილისშიც გვინდოდა, მაგრამ იმდენად ძვირია, რომ ამ ეტაპზე, ვერ მოვახერხეთ. ახლა ვცდილობთ, ლაზერის აპარატისთვის შესაბამისი თანხის შეგროვებას, რადგან მომავალში, უფრო მეტი ნივთის დამზადება შევძლოთ.
- მსხვილ კომპანიებთან თუ თანამშრომლობთ?
- პირველი კომპანია „დომუსი“ იყო, რომელმაც საყვავილეები შეგვიკვეთა. ახალი აშენებული კორპუსი იყო, სადაც ჩვენი ნაკეთობები განვათავსეთ. შუამავალი გამწვანების კომპანია გვყავდა. დავუმტკიცეთ, რომ ნამდვილად ხარისხიანი პროდუქცია გვქონდა, საქართველოში წარმოებული. კიდევ ერთი უპირატესობა რაც გვაქვს - ყველას სასურველ ზომას ვუმზადებთ, ფერსაც თავად არჩევენ.
ავლაბარში რომ აშენდა 4 საცხოვრებელი კორპუსი, მანდ რა გარე ავეჯიც არის, ჩვენი დამზადებულია: ნაგვის ურნები, სკამ-მაგიდები, სანიაღვრე სისტემაც გაკეთდა კორპუსებში, ყველა აივანზე უჟანგავი მეტალია.
ასევე, „მეტროპოლთან“ ვთანამშრომლობთ. ჩვენი საყვავილეებია განთავსებული. ბევრი კომპანიაა, შეიძლება ყველა ვერ გავიხსენო და ვინმე გამომრჩეს.
კომპანია ჩემს სახელზეა. როცა წამოვიდა შეკვეთები, არ უნდოდათ ფიზიკურ პირთან თანამშრომლობა, ნდობა არ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, კომპანიის ჩამოყალიბება.
მეუღლესთან ერთად მეც აქტიურად ვმუშაობ. როცა ბევრი საქმეა, ვეხმარები. შედუღება ძალიან საინტერესო პროცესია, დამაინტერესა და ვისწავლე. ასევე, კუთხსახეხითაც ("ბარგალკა") შემიძლია დეტალების გასუფთავება. რომ ჩამოვედი, ძალიან უკვირდათ, ქალს რა უნდა ცეხშიო, სოფელში უფრო თვალშისაცემი აღმოჩნდა და ამის გამო მაკრიტიკებდნენ (იცინის). მაგრამ მე ჩემი საქმიანობა ძალიან მსიამოვნებს და მომწონს. ბევრჯერ მიფიქრია სხვაგან დასაქმება, მაგრამ ჩვენი საერთო საქმის წინ წაწევა უფრო მნიშვნელოვანია.
საუბრის დროს აღმოვაჩინე, რომ ქეთი მალე მესამე შვილის დედა გახდება და ამ საოცარ მდგომარეობაშიც კი, ახერხებს, რომ შეუსვენებლივ იმუშაოს...
- მეექვსე თვეში ვარ და ველოდებით პატარას. წამითაც არ ვჩერდები. რომ შევდივარ, თანამშრომლები მეუბნებიან, ამას ნუ სუნთქავ, არ შეიძლებაო, მაგრამ გული არ მითმენს. მათთან ერთად მეც ვმუშაობ.
შეკვეთილში მიგვქონდა შეკვეთა, გვიანობამდე მოგვიწია მუშაობა. ბიჭებს ვთხოვე, წასულიყვნენ, დაესვენათ, რადგან ღამითვე უნდა გავსულიყავით და ჩვენი საყვავილეები წაგვეღო. ბოლოს ერთი თანამშრომელი დარჩა, ღამის 3 საათზე დავასრულეთ ყველაფერი და დილის 4-ზე შეკვეთილისკენ წავედით.
უსაფრთხოების ნორმებს ვიცავ, ვიკეთებ პირბადეს და ვცდილობ, მეტწილად, ღია სივრცეში ვიყო.
- ქეთი, საკმაოდ დიდი და რთული გზა გაიარეთ იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყავით და თქვენი შრომის შედეგი გენახათ. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს ახლა იწყებენ და საქმის ბოლომდე მიყვანის ძალას ვერ პოულობენ საკუთარ თავებში...
- ცოტა შორიდან დავიწყებ - მე და ჩემი მეუღლე 21 წლისები ვიყავით, როდესაც უკვე 2 შვილი გვყავდა. ჩემს მეუღლეს არ ჰყავდა მამა და მალევე, დედაც გარდაეცვალა. ვერ ვიტყვით, რომ რომ 21 წლის ასაკში ადამიანი დიდია, დავრჩით მარტო, 2 მცირეწლოვანთან ერთად. ძალიან გაგვიჭირდა, წარმოუდგენელი იყო ცხოვრების გაგრძელება... თითქოს, ყველაფერმა ფერი დაკარგა, მაგრამ არც ერთი წუთი არ მიფიქრია, რომ უნდა დავნებებულიყავი.
ჩემი მეუღლე უფრო გატეხილი იყო, 21 წლის ასაკში, როცა არც დედა გყავს და არც მამა, ცოტა შეშინებული ხარ... ძალიან ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა, ბევრი რთული დღე გადავიარეთ, სულ იმას ვამბობდით, რომ ერთად ყველაფერს შევძლებდით და არ უნდა დავნებებულიყავით. ჩვენი პატარა ბიზნესი წამოვიწყეთ, უბანში პატარა მაღაზია გავაკეთეთ, ბანკიდან ავიღეთ სესხი, მაგრამ არ გაამართლა. დიდ უიმედობაში ვიყავით, თუმცა, ფეხზე წამოდგომა ისევ შევძელით.
ძალიან რთული იყო უკრაინაში ორი მცირეწლოვნით ჩასვლა, ენის ბარიერიც გვქონდა... თავის გატანა იქაც შევძელით, ძალიან რთული იყო მონატრება, დაკეტილი გვქონდა 2-სართულიანი სახლი, სულ იმას ვდარდობდი, ჩემს ეზოში ჩემი შვილების გაზრდას ვერ ვახერხებ-მეთქი. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული იყო.
ამას პანდემიაც დაერთო. სახლში გამოვიკეტეთ, გარეთ გასვლის ძალიან მეშინოდა. ვფიქრობდი, სოფელში რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, ბავშვები ეზოში მაინც გამეშვა... ბებოსთან, დეიდასთან მაინც ექნებოდათ ურთიერთობა...
ვერ ვიტყვით, რომ მე და ჩემს მეუღლეს მაღალი ხელფასი გვქონდა, რასაც ვშოულობდით სულ ვაგროვებდით... სხვათა შორის, ყვავილების თესლებს ვყიდულობდი, იქ შედარებით იაფი იყო, ვაგზავნიდი, ხან ტრაილერს ვატანდი, რომ საქართველოში გამეყიდა. ამით ბანკის ვალსაც ვიხდიდი, რაც მქონდა დარჩენილი და ცოტა დანაზოგსაც ვაკეთებდი.
ჩამოვედით და ცხოვრების სულ ნულიდან დაწყება მოგვიწია. სახლი რომ გავაღეთ, ვთქვი, რომ აქ აღარაფერი არის ისე, როგორც დავტოვე მეთქი. მაშინაც ვფიქრობდი, როგორ შევძლებდით ცხოვრებას... თუმცა, გვახსოვდა, რომ ჩვენი შვილებისთვის პასუხი გვქონდა გასაცემი.
სულ ნულიდან, არაფრიდან დავიწყეთ. არ დავნებებულვართ რთულ ცხოვრებას, სულ გვაქვს უფლის იმედი, ყველანაირი პრობლემა მოგვარდება, მთავარია, შვილები გვყავდეს ჯანმრთელად, არაფერია ფასეული ჯანმრთელობის გარდა.
აქვე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესში მხოლოდ თანხა არ არის გადამწყვეტი. მთავარი მონდომებაა. არც მე მჯეროდა, რომ 1800 ლარით ამხელა საქმის წამოწყება შეიძლებოდა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, მომავალში სხვა ადამიანების დასაქმებასაც შეძლებო, არ დავიჯერებდი.