№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს

პენიტენციური

საგამოცდო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობდა  ხუთი მსჯავრდებული და დაწესებულების ერთი თანამშრომელი.

დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენის გამოცდა DELF A1 დონეზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სწორედ ზემოაღნიშნული გამოცდის ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული და სერტიფიცირებული ცენტრი საქართველოში  საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან  მოლაპარაკება 2022 წლის მარტიდან მიმდინარეობდა, რომლის შედეგად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთათვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა და ისინი დარეგისტრირდნენ ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით.

შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსჯავრდებულები ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომს მიიღებენ, რაც მათ სამომავლოდ დასაქმებაში დაეხმარება.

ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების სასწავლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მსჯავრდებულებს დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენა თავად მსჯავრდებულმა შეასწავლა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და აქტივობების განხორციელებას პატიმართა რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.