„ყვირილით სთხოვდა ქალებს დახმარებას, მაგრამ ის მაინც ბრალდებულთან ოთახში მარტო დატოვეს“ - არასრულწლოვანის შესაძლო გაუპატიურების საქმე

არასრულწლოვანი

„დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე კვლევა ჩაატარა.

კვლევაში გაანალიზებულია 74 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ჩადენილია და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა 2020 და 2021 წლებში.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული პრობლემურობითა და ხარვეზებით გამოირჩევა გაუპატიურების საქმეები. შესწავლილი 39 საქმიდან 4 შემთხვევაში სხვა დანაშაულებთან ერთად, პირს ბრალი ედებოდა გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის ჩადენაში. თუმცა მოსამართლემ, 2 შემთხვევაში, გაუპატიურების ბრალდება გადააკვალიფიცირა დაზარალებულის თანხმობით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე, ხოლო ერთ შემთხვევაში, გაამართლა პირი გაუპატიურების ნაწილში. მოსამართლემ პირი დამნაშავედ მხოლოდ გაუპატიურების მცდელობაში ცნო.

მაგალითად, ერთ-ერთი საქმეში დაზარალებული არასრულწლოვანი უთითებდა, რომ მოტაცების შემდეგ ერთ-ერთი პირის სახლში მიიყვანეს, სადაც უცხო ქალები დახვდნენ. დაზარალებულის თქმით, ის ყვირილით სთხოვდა ამ ქალებს დახმარებას, მაგრამ მათ უარი განუცხადეს და ბრალდებულთან ერთად ოთახში მარტო დატოვეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ოთახში მოთავსებულ საწოლზე ბრალდებულმა ძალით გახადა ტანსაცმელი არასრულწლოვანს და გააუპატიურა. ამ სახლში არასრულწლოვანი ორ დღე ნახევარი იმყოფებოდა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ეს ქმედებები ბრალდების მხარის მიერ დაკვალიფიცირდა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით 123 და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 

ამ საქმეში მოსამართლემ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი მისი თანხმობით დამყარდა და ამასთან ერთად, იგი არ იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, მაშინ როდესაც ამავე მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. განაჩენის დასაბუთებისას მოსამართლემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ წინააღმდეგობის გაწევას რეალურად უნდა ჰქონდეს ადგილი დაზარალებულის მხრიდან, მისი მოქმედებით ნათელი უნდა იყოს, რომ მას არ სურს ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის დამყარება. ასევე იმსჯელა, რომ, თუ დაზარალებულმა ნამდვილად გაუწია წინააღმდეგობა, ბრალდებულს უნდა მიეღო გარკვეული დაზიანებები, რომლებიც მას არ აღენიშნებოდა.

გაუპატიურების საქმე სსკ-ის 140-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდა, აღნიშნული მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.