ვინ არის შანიძის ქუჩაზე დაჭრილი კაცი

დაჭრა

თბილისში, შანიძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილია 33 წლის ბექა მახარაძე, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი გვიან საღამოს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გაჩხრიკეს ავტომობილიც, რომელიც დაჭრილ ბექა მახარაძეს ეკუთვნის.

ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, რომ გვიან ღამით მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს, რასაც წინ ხმაური და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება უძღოდა.

მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირებაში მონაწილე პირები შანიძის ქუჩის მცხოვრებლები არ არიან და მათთვის უცნობია, ვინ იყვნენ ეს პირები.

„აივანზე ვიდექი და ვიყურებოდი, როდესაც შევედი, დაახლოებით 20 წუთში, 5-6 გასროლის ხმა გავიგე. შემდეგ დავინახე ახალგაზრდა ბიჭი ყვიროდა, მერე უცებ ბევრი ადამიანი მოგროვდა," - ამბობს თვითმხილველი.

საქმეზე გამოძიება ორი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.