VIDEO: სპეცოპერაცია რესტორანში და ოთხკაციანი დაჯგუფების დაკავების დეტალები - ნახეთ დანაშაულის ამსახველი ფარული ჩანაწერი

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ცდილობენ ფიზიკური ანგარიშსწორებით და შანტაჟით მისგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას. მამაკაცი, რომელსაც მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ახლა საქმის მთავარი მოწმეა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება და მის რეალიზაციას 2 კვირის ვადაში აიძულებდნენ.

მოთხოვნის შესრულებაზე უარის მიიღეს, რის შემდეგაც მამაკაცი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, სადაც სცემეს და დაემუქრნენ ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების წამებით და დაწვით.

სკანდალური აუდიოჩანაწერის ორი მთავარი ფიგურანტი პოლიციამ სპეცოპერაციით დააკავა. ორივე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. 46 წლის ალეკო ჩანტლაძე, მეტსახელად "ბუფალო" და 43 წლის ლევან ღლონტი - მათ ძალადობის, გამოძალვისა და ნარკოდანაშაულის მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს.

"კურიერი" ბრალდებულების საცხოვრებელ მისამართებზე იმყოფებოდა. გვითხრეს, რომ ოჯახის წევრებს ფაქტზე საუბარი არ სურთ, მეზობლები კი ამბობენ, რომ დაკავების ოპერაცია თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა.

საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულია. 44 წლის ლუკა ბრეგვაძეს, "კუდალას" მეტსახელით იცნობენ. გამოძიება მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ბრეგვაძის კუთვნილ ავტომანქანაში გაუსწორდნენ ფიზიკურად დაზარალებულ მამაკაცს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი საქმეში შემთხვევით აღმოჩნდა ჩართული.

ბრალდებულთა ადვოკატები ახლა საქმის მასალებს სწავლობენ, მანამდე კი დაცვის სტრატეგიაზე საუბარი არ სურთ.

დანაშაულის დეტალებზე დღეს მხოლოდ ბრალდების მხარემ ისაუბრა. პროკურატურა ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

დაკავებულია სულ ოთხი პირი, მათ შორის ერთი ნარკოდანაშაულისთვის. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას უკვე ამოიღეს ნივთმტკიცებები და დიდი ოდენობით მარიხუანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 7 წლამდე პატიმრობა ელით.