მარნეულში გოგოს მოტაცების გამო, 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველები

მარნეულში გოგოს მოტაცების გამო, 2 პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც. პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.

სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.