ვერ გავიგე, უცებ, ასე როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რასაც ემსახურებოდა - მეუფე ანტონი სოსო გოგაშვილზე

meufe antoni

ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სოსო გოგაშვილის მონახულებას გეგმავს. მეუფე ანტონს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ კონკრეტული კითხვები აქვს და აინტერესებს, რის სანაცვლოდ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო.

"კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში ეპისკოპოსი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებები ეჭვს ბადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლებას აშანტაჟებს.

"ვეცდები, რომ მას შევხვდე და, ალბათ, ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო - რატომ, სოსო, შენ ხომ, მაპატიე და, შეგზავნილი არ იყავი?! გამაღიზიანა იმან, რომ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, მაგას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვგებულობ, უცებ, ასე როგორ აუჯანყდა, იმ სისტემას, რაშიც იყო, რასაც ემსახურებოდა, ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა," - აცხადებს მეუფე ანტონ ბულუხია.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. სოსო გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე წარუდგინეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.