ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დაკავებულ მესაზღვრეს პატიმრობა შეეფარდა

მესზღვრე

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დაკავებულ მესაზღვრეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება ბრალდებულ იმედა ცისკარაულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ, თელავის რაიონულმა სასამართლომ  ამ წუთებში გამოაცხადა.

დაკავებულის ადვოკატი, სასამართლოს 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულს აქამდე  გადაცდომა არ ჰქონია, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და ფეხმძიმე მეუღლე.

სპეციალურ  საგამოძიებო სამსახურში გამოძიების ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორები, ბრალდებულის პატიმრობას ითხოვდნენ, რასაც შესაძლო მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხით ასაბუთებდნენ.

თავად ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, თუმცა გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო პროცესზე, მხოლოდ მოსამართლის კითხვებს უპასუხა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ, გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მესაზღვრეს პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ინციდენტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 28 მაისს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, უმცროსი სერჟანტი ცისკარაული,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. 

მესაზღვრემ  დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად ხელბორკილი დაადო და სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლით მიმდინარეობს. 

ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში,  ცისკარაულს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება