ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებულ 9 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ვაკის პარკი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებულ 9 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. დაკავებულები გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათი ნაწილი ადვოკატებმა მოინახულეს.

ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად არ ვიცნობ. რამ გამოიწვია მისი დაკავება ჩემთვის გაუგებარია და მისთვისაც გაუგებარია. თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული, იგი თანამშრომლობდა და თანამშრომლობს და მომავალშიც გააგრძელებს,“ - აცხადებს ადვოკატი მამუკა ბლიაძე.

წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა „გრინსერვის +“-ის კიდევ ორი წარმომადგენლის - დევი კახოიძესა და ბექა მურღვლიანის ადვოკატიც. მისი თქმით, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ თვლიან.