1772995280
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
რამდენიმე წუთის წინ, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. კაპანაძეს, სუს-ში შესვლამდე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ. გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძეც.
სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. თინა ხიდაშელთან შეკითხვები მის ბოლო განცხადებას ეხება - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს, გიორგი კანდელაკი კი ჰადსონის უნივერსიტეტისთვის მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ასევე, ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს - შეკითხვები მის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჯიჰადს ასწავლიან. გამოძიების ფარგლებში, პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა - მისივე სურვილით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.










