1732737464
„ციხეში აყურყუტეს, 5 წელი პირობითი მოიხადა, 17 500 ლარი ბიუჯეტში შეატანინეს“ - როგორ იპოვა სამართალი წინა ხელისუფლების დროს დაკავებულმა საჯარო მოხელემ
ცაგერის შპს წყალკანალის დირექტორი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს თანხების უკანონოდ მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
ადვოკატი ნათია ჩხეტიანი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ საქმეზე ბრალდებულმა სამართალი 15 წლის შემდეგ იპოვა და საქმის ხელახალი გადახედვით დადგინდა, რომ დაკავებულს ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ გაუფლანგავს.
„ეს იყო 2007 წლის 7 მარტის ცაგერის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. მას მითვისება-გაფლანგვას ედავებოდნენ. შპს წყალკანალის დირექტორი იყო ცაგერში, საკანალიზაციო ქსელი მოწყობისთვის გადმოირიცხა თანხა და დააბრალეს, რომ ვითომ მიითვისა გაფლანგა ეს თანხები და არ დაახარჯა მოწყობით სამუშაოებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად იყო ყველა თეთრი გახარჯული. სამი სხვადასხვაა დასკვნა იყო, რომელიც სხვადასხვა თანხებს იძლეოდა. საპროცესოს თანხა 5000 ლარი გადაახდევინეს, 2 თვე ციხეში აყურყუტეს, 5 წელი პირობითი მოიხადა, 17500 ლარი ბიუჯეტში შეატანინეს, როგორც დანაკლისი.
15 წლის შემდეგ მოახდინა თავისი უფლების რეალიზაცია, სრულად სასჯელმოხდილი გაამართლა სასამართლომ და მიეცა მორალური და მატერიალური ანაზღაურების უფლება. 15 წელი ამას ელოდა, წამებს ითვლიდნენ“, - გვიყვება ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.