1766002982
თაღლითობის ქართული კვალი - რუსი კრიპტოს გურუს მრავალმილიონიანი აფიორა, რომელშიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი კევინ სპეისი და ილონ მასკის დედა ფიგურირებენ
ვინ არის ლადო ოხოტნიკოვი?
ვლადიმერ ოხოტნიკოვი, ცნობილი მეტსახელად „ლადო“, დაიბადა საბჭოთა ყაზახეთში და ბავშვობა რუსეთში გაატარა. მისი ვებგვერდის თანახმად, მამამისი, მოჭიდავეთა მწვრთნელი იყო, მას ჭიდაობას ასწავლიდა, რასაც თავად ოხოტნიკოვი მისი სიძლიერისა და გამძლეობის წყაროდ მიიჩნევს.
2000-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვში კინოგადაღების სწავლების დასრულების შემდეგ, ოხოტნიკოვმა ვერ შეძლო კინოინდუსტრიაში მოხვედრა და კარიერა მარკეტინგში გააგრძელა. როგორც თავად ამბობს, რუსეთიდან საქართველოში გადასახადებისგან თავის ასარიდებლად გადავიდა.
ფოტო 2024 წელს Meta Force-ის ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც ოხოტნიკოვი ინვესტორებთან ერთად იწონებს თავს.
სასამართლო განაჩენი თბილისში: 10 წლიანი პატიმრობა და ჩამორთმეული ქონება
მაშინ, როცა ოხოტნიკოვი დუბაიდან ახალ სქემებს აორგანიზებს, საქართველოში მის წინააღმდეგ მკაცრი სამართლებრივი ზომები გატარდა.
2024 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ოხოტნიკოვს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ის Forsage-დან მოპარულ ფულს საქართველოში ათეთრებდა. თანხები ირიცხებოდა მინიმუმ 53 სხვადასხვა ანგარიშზე, რომლებიც მას და მის გარემოცვას ეკუთვნოდა. საქართველოს პროკურატურამ ოხოტნიკოვზე საერთაშორისო ორდერი გასცა.
სასამართლო მასალების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ოხოტნიკოვის კუთვნილი დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დააყადაღა და ჩამოართვა, მათ შორის: Lexus-ის მარკის ჯიპი, ხუთი საპარკინგე ადგილი და ორი ბინა თბილისში, რომელთაგან ერთ-ერთს 28 კვ მეტრის აუზი აქვს.
თაღლითობის მასშტაბები და ქართული კვალი
გამოძიების თანახმად, ოხოტნიკოვი არის მასშტაბური კრიპტო-პირამიდების ავტორი, რომლებმაც ოთხ კონტინენტზე მილიონობით ინვესტორს 1 მილიარდ დოლარამდე გამოსძალეს.
აშშ-ს პროკურატურა მას კრიპტო-პირამიდა Forsage-ის შექმნაში ადანაშაულებს, რომლის მეშვეობითაც 2020-2022 წლებში მინიმუმ $340 მილიონი მოიპარეს.
თაღლითობის საქმეს ქართული კვალიც აქვს. გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოხოტნიკოვი დამნაშავედ ცნო 1.1 მილიონი დოლარის გათეთრებაში, თანხა, რომელიც სწორედ Forsage-ის თაღლითური სქემიდან იყო მიღებული.
კევინ სპეისი და რუსი კრიპტოს გურუს ჰოლივუდური გამბიტი
აგვისტოს ერთ წყნარ საღამოს, როდესაც ვენეციის კინოფესტივალზე ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, ლეგენდარულ სასტუმრო „ჩიპრიანიში“ დახურული წვეულება იმართებოდა. ყურადღების ცენტრში კევინ სპეისი იყო ოსკაროსანი მსახიობი, რომლის კარიერაც სექსუალურ სკანდალებს ემსხვერპლა.
თუმცა, ამ საღამოს მთავარი გმირი კადრს მიღმა დარჩა. საუბარია შემქმნელზე 47 წლის ვლადიმერ ოხოტნიკოვზე (მეტსახელად „ლადო“), რომელიც აშშ-ის მიერ ძებნილი კრიპტო-თაღლითია.
რუსი თაღლითის ახალი გეგმები
მართლმსაჯულებას გაქცეული ოხოტნიკოვი ამჟამად დუბაიში იმალება, სადაც ახალ პროექტზე მუშაობს. სწორედ აქ წამოიწყო რუსმა თაღლითმა ახალი პროექტი, ფილმი სახელწოდებით - „Holiguards Saga The Portal of Force“, სადაც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ოხოტნიკოვის გათვლით, სპეისის მონაწილეობა ფილმს საერთაშორისო ყურადღებას მოუტანს და მას ახალი ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარება. და სანამ მსოფლიო კევინ სპეისის ეკრანზე დაბრუნებას აკვირდება, კადრს მიღმა ახალი, საეჭვო კრიპტო-პროექტი ფორმირდება.
Here’s the trailer shown in Venice for Kevin Spacey’s Holiguards Saga - The Portal of Force starring him with Dolph Lundgren, Eric Roberts and Tyrese, all seen in this 2-minute clip. pic.twitter.com/5pXXkjMyWe
— Chris Gardner (@chrissgardner) August 31, 2025
ჰოლივუდის მსახიობი კევინ სპეისი საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) კითხვებს არ პასუხობს. თუმცა, მისი მონაწილეობა ფილმს სანდოობის იერსახეს სძენს.
ცნობილი ადამიანების გამოყენება ოხოტნიკოვის ბიზნესმოდელის მხოლოდ ერთი ნაწილია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებამ კრიპტოტრანზაქციების სისწრაფემ და ანონიმურობამ მას საშუალება მისცა, ინვესტორები „სანდო საინვესტიციო შესაძლებლობების“ დაპირებებითა მოეზიდა და მოეტყუებინა.
ჟურნალისტებმა აშშ-დან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ოხოტნიკოვის ბიზნესგარიგებების ახალი დეტალები გამოააშკარავეს. გამოძიება ჩატარდა პროექტის „The Coin Laundry“ ფარგლებში, რომელსაც საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) 37 მედიაპარტნიორთან ერთად აწარმოებს. გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ მდიდრდება კრიპტო-ინდუსტრია უკანონო ფინანსური ნაკადებით, მაშინ როდესაც ამ პროცესში დაზარალებულთა უმეტესობა სამართლებრივი შესაძლებლობის გარეშე დარჩა.
ოხოტნიკოვის უახლესი სტარტაპი Meta Whale მაისში ჩაეშვა და 40 000 მომხმარებელი უკვე მიიზიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პლატფორმაც ფინანსურ პირამიდას ჰგავს.
მიუხედავად უამრავი სისხლის სამართლებრივი ბრალდებისა, ოხოტნიკოვმა ინტერნეტ სამყაროში „ტექნოლოგიური გურუს“, „ბიზნესმენისა“ და „ბლოკჩეინის მქადაგებლის“ იმიჯი მოირგო, რომელიც ინვესტორებს მთავრობის ზედამხედველობის ბორკილებისგან გაათავისუფლებს ჰპირდება.
ამჟამად, ოხოტნიკოვი მის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო მოგზაურობას ვერ ახერხებს. თავისი ბრენდების პოპულარიზაციაში კი მას 36 წლის უკრაინელი მარკეტოლოგის ელვირა გავრილოვას პიარ სააგენტო, Elledgy Media- ეხმარება. ბოლო ორი წლის განმავლობაში გავრილოვამ მდიდრული ღონისძიებები მოაწყო აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსი კრიპტო თაღლითს პროექტების წინ წამოსაწევად.
ოხოტნიკოვმა და გავრილოვამ თავიანთი პიარ კამპანიისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის დედა, მეი მასკიც კი გამოიყენეს. ირკვევა, რომ პიარ-კომანიამ მეი მასკს $350,000 გადაუხადა, იმისათვის, რომ დასწრებოდა მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს და წვეულებაზე ფოტოები გადაეღო.
ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მეი მასკმა იცოდა, რომ ოხოტნიკოვის ხელში მხოლოდ პიარ კამპანიის იარაღი იყო. სავარაუდოდ ის დაიქირავეს, როგორც ცნობილი მოდელი, რომლის გამოჩენაც ღონისძიებაზე თაღლითური სქემის გაპიარებას შეუწყობდა ხელს.

მოგვიანებით მასკის დედა, სპეციალურად ოხოტნიკოვისთვის პროექტებისთვის შექმნილი ჟურნალის გარეკანზეც კი გამოჩნდა.












