სპეცოპერაცია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ - რა ფარული ჩანაწერები და მტკიცებულებები დევს საქმეში

დაკავება

ე.წ. ქურდული შეკრების კადრები „კურიერის“ ინფორმაციით, ბათუმშია გადაღებული. კადრებში 6 მამაკაცი ჩანს. ისინი ფინანსური დავის მოგვარებას ე.წ. ქურდული წესებით გეგმავდნენ, მოდავე მხარეებისგან კი სანაცვლოდ მატერიალურ სარგებელს ელოდებოდნენ. გეგმამ არ გაამართლა, სარგებელი ვერ მიიღეს, პოლიციამ ექვსივეს ხელბორკილები დაადო.

ეს დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდია. ირკვევა, რომ ე.წ. ქურდული შეკრება სხვადასხვა დროსა და ადგილას ეწყობოდა. სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდული წესებით მატერიალური სარგებლის მიღების სქემა მალე გაშიფრეს.

გვიან ღამით სპეცრაზმი ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მობილიზდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, თბილისში და რეგიონებში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. 49 პირი ადგილზე დააკავეს, 14 კი დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში.

დაკავებების პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში სახლებში და ავტომობილებში ჩხრეკა ტარდებოდა. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილურები და ცეცხლსასროლი იარაღები.

სპეცოპერაციამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებებიც, მათ შორის დანაშაულში მონაწილე პირების სატელეფონო საუბრები.

ტაფით იმ პირს გაუსწორდნენ, რომელმაც დათქმულ დროს მოთხოვნილი თანხა ე.წ. ობშიაკში არ მიიტანა.

ფიზიკური ანგარიშსწორება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შანტაჟი - ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები ამ ფორმით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც მათ გაანაწყენებდა. გამოძიების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებით ირკვევა ისიც, რომ ხშირად სიცოცხლის მოსპობის მუქარა მსხვერპლის ოჯახის წევრებზეც ვრცელდებოდა.

ფინანსური დავების მოგვარების სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა სოლიდური იყო.

ამავე ჩანაწერებით ირკვევა ისიც, რომ მოდავე მხარეებისგან აღებულ თანხას ბრალდებულები რამდენიმე პირზე ყოფდნენ. ნაწილი ე.წ. მომგვარებლებს რჩებოდა, ნაწილს კი საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს ურიცხავდნენ. ამ ფაქტს ე.წ. კანონიერი ქურდის, შალვა ხუჭუას, მეტსახელად როკოს და მისი მხარდამჭერის საუბარიც ადასტურებს.

შალვა ხუჭუა, მეტსახელად როკო, გიორგი ღოღელიანი, ზაალ მახარობლიძე, იგივე გლეხოვიჩი, გოჩა ჯინჭარაძე, მეტსახელად ყურშა - ეს ის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, რომელთა საუბარი ფარულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის. ისინი ძირითადად თანხის დროულად მიტანით ინტერესდებოდნენ და თანამოაზრეებს მოქმედებისთვის მითითებებს აძლევდნენ.

პასუხისგებაში მიცემული 63 პირიდან 5 ე.წ. კანონიერი ქურდია, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი.

გამოძიებით ირკვევა, რომ ე.წ. ქურდული შეკრებები საზღვარგარეთაც ტარდებოდა. შეხვედრებში ე.წ. კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ. იქ მიღებული მითითებებით კი საქართველოში დაბრუნებული კრიმინალური ავტორიტეტები მოდავე მხარეებს ფინანსური დავების მოგვარებას ჰპირდებოდნენ.

გამოძიება 4 მუხლით - ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, მათი საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გრძელდება. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პასუხისგებაში მიცემული 63 პირიდან უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევია.