გეკა გელაძემ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდის მიმდებარედ განთავსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები მოინახულა

გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფენ წესრიგს.

მინისტრი ადგილზე გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცავების საჭიროებებს. გეკა გელაძემ გაწეული ყოველდღიური საქმიანობისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.