სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

soso gogashvili

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ პერსონალური და საიდუმლო მასალების ამსახველი დოკუმენტაციის გამო დააყენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.