„სიურპრიზს გეტყვით... ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა“ – სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანის პროცესი დაიწყო

lasha nakaidze

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.

ბრალდებულის ადვოკატმა, ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიიღო და სწორედ ამის საფუძველზე დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას,რომ ლაშა ნაკაიძის მიმართ დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს.

ექსპერტიზა დაზარალებულს ჩაუტარდა, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა წერია დასკვნაში. მისი განმარტებით, ლაშა ნაკიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მივიღეთ სასამართლო- სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენო.

დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მე გეუბნებით, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გვაქვს საშუალება, რომ 137-ე მუხლის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება სხვა ბრალს, ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ. ლაშა ნაკაიძე არაფერს აღიარებს, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე ძალიან მჯერა. მოვიდა ერთი ექპერტიზის პასუხი და მეორესაც ველოდებით.

რას მალავს დაზარალებული, ვის დაკვეთას ასრულებს, რატომ არ მისცა “აიფონის” კოდი გამოძიებას? – მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. საოცარი ამბები ხდება საქმეში. მერწმუნეთ, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და მიხვდებით, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის“, - აცხადებს ლალი ბიბილეიშვილი.