1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საპროკურორო საბჭოს, როგორც ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი სისტემის განვითარების გზაზე. სწორედ ამიტომაც, დღეს პროკურატურისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პროკურორთა კონფერენციამ უნდა შეარჩიოს კონსტიტუციური ორგანოს - საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები, - ამის შესახებ პროკურორთა კონფერენციაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
გენერალური პროკურორის თქმით, აუცილებელია მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს საპროკურორო საბჭოს ჩართულობა პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებში და საბჭოს ფუნქციური დატვირთვა უფრო მრავალფეროვანი გახდეს, რაც საბოლოო ჯამში მოემსახურება პროკურატურის პროგრესსა და უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
მისივე განცხადებით, საპროკურორო საბჭოს წევრობა დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. მან მადლობა გადაუხადა საპროკურორო საბჭოს კანდიდატებს უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისა და წარმატება უსურვა.
„გარდა იმ ძირითადი ფუნქციისა, რაც საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით აქვს, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები მონაწილეობას იღებენ არანაკლებ მნიშვნელოვანი მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოების მუშაობაში, რაც გულისხმობს პროკურატურის სტრატეგიულ განვითარებაში, თანამშრომელთა შერჩევა-დაწინაურების თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობას“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 9 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 3 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.
ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.