პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა

პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ​შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა.

საქართველოს პროკურატურამ, 2021 წელს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.

შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ძირითად მიზნებს შშმ პირთა ექსპლუატაციისგან, არასათანადო მოპყრობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვა, შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

კოვიდ19-ით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულა, მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

გარდა აღნიშნულისა, 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის ორი სახელმძღვანელო მითითება მოამზადა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა.

სახელმძღვანელო მითითებების მიზანია პროკურორისა და გამომძიებლის საქმიანობის წარმართვა შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სამართალწარმოების ყველა სტადიაზე მათი თანასწორუფლებიანი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე", საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია.

ასევე, საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია შშმ პირების თანასწორუფლებიანი და სრულფასოვანი მონაწილეობა მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე. გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განაგრძობს ძალისხმევას შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ეფექტიანი სისხლის სამართალწარმოების უზრუნველყოფის მიზნით.