შანტაჟი და გამოძალვა „ქურდული სამყაროს“ სახელით - სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 5 პირი დააკავეს

daakaves

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულში არასრულწლოვანი ფიგურირებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ახალგაზრდა მამაკაცზე მუქარას და მასზე ძალადობას მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით აპირებდნენ. ფარული სატელეფონო ჩანაწერით ირკვევა, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები, საქმის გასარჩევად შეხვედრას იმ დროს გეგმავდნენ, როდესაც მამას შვილი ბაღიდან უნდა გამოეყვანა. ისინი მოქალაქეებს კონკრეტულ თანხას, ფინანსური დავის მოგვარების სანაცვლოდ სთხოვდნენ.

გამოძიების ვერსიით, თუ დაზარალებულები დადგენილ ვადებში ფულს არ მიიტანდნენ, სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ფარული ჩანაწერით დგინდება, რომ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულებს მხოლოდ თანხის მიტანას არ აიძულებენ.

3 წუთიან მასალაში საუბარია ავტომობილზეც. ერთ-ერთ მოქალაქეს ან 5000 დოლარი უნდა მიეტანა, ან კუთვნილი ავტომობილი მათთვის უნდაგადაეფორმებინა. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები საქმის გარჩევისას, ე.წ. კანონიერ ქურდებსაც ახსენებენ, თუმცა ვინაობებს არ აკონკრეტებენ.

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე ხუთივე პირი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

დაკავების ღონისძიებამდე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მატარებდნენ.

მოსამართლის განჩინებით, პოლიციამ ფარული ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერები მოიპოვა. დაკავებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები, მათ შორის ის მობილური ტელეფონებიც, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა - ბაღდათში, სოფელ დიმში, სამართალდამცველებმა 46 და 47 წლის მამაკაცები აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ალექსანდრე ბურჯანაძე და დავით ქიქავა, მათ გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას, მათი საქმიანობის მხარდაჭერას და ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება. ამავე მუხლებით არის დაკავებული პაატა კალაძეც. 46 წლის მამაკაცი რამდენჯერმე ნასამართლევია და მის დასაკავებლად სპეცოპერაცია თბილისში, სანდრო კანდელაკის 36 ნომერში ჩატარდა.

ხუთივე დაკავებულს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. სავარაუდოდ ხვალ მათ მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. ცნობილია, რომ ბრალდების მხარე ყველა მათგანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. წარდგენილ ბრალზე დაკავებულების ნაწილის პოზიცია უკვე ცნობილია. "კურიერი" დავით ქიქავას და ალექსანდრე ბურჯანაძის ადვოკატს ესაუბრა.

ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-ივე პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.