„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
დასაკეცი დანა, რომლითაც 15 წლის საბა მამფორია მოკლეს, გამოძიებამ ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო. მეათე კლასის მოსწავლეს ერთადერთი და სასიკვდილო ჭრილობა, 17 წლის მოზარდმა მიაყენა.
ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა, ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე, საფეხბურთო მოედანთან მოხდა. 30-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ვერსიით, საბა მამფორია თანატოლების გაშველებას ცდილობდა, თუმცა მოქნეული დანა გულის არეში მოხვდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი მოზარდი შველას ითხოვდა, თუმცა ჩხუბში ჩართული მოზარდების უმეტესობა გაიქცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დანაშაულის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. საბა მამფორია კი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. 17 წლის მოზარდი იმ დროს აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. რა ჩვენებას აძლევს ის სამართალდამცველებს უცნობია. დაკავებულის ადვოკატს საუბარი არ სურს.
დუმილს არჩევენ კონფლიქტის თვითმხილველი სხვა მოზარდებიც. მოწმეების გამოკითხვა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფსიქოლოგი მუშაობს საბა მამფორიას კლასელებთან, რომლებმაც შესაძლოა მომხდარის დეტალები იციან.
საბა მამფორია ექსპერტიზის შემდეგ, ზუგდიდში საკუთარ სახლში გადაასვენეს. არასრულწლოვნის ახლობლები მომხდარის მოტივზე ინფორმაციას გამოძიებისგან ელოდებიან და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ ხვალ გააცნობენ, რის შემდეგაც სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლის მოზარდს მაქსიმალურ სასჯელად 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.