„სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები“ - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

„თუკი ვინმეს სურს სასჯელის გადავადება – სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები – ამისთვის უნდა მიმართონ სასამართლოს. ბუნებრივია, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ დასმულ კითხვაზე.

რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ კანონი არის ზედმიწევნით დაცული და ყველა მოქმედება ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით.

„თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ მას გადაუვადდეს სასჯელი მკურნალობის მიზნით, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი – აქ საუბრობენ ექიმები და საუბრობს სასამართლო. ჩვენ მათ ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამ კითხვებზე არ გვაქვს პოლიტიკური პასუხები და ვამბობთ, რომ მტკიცედ სამართლებრივი ხაზით უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.